„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს უკვე აკონტროლებს. ექსპერტები ამბობენ, რომ სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, მათ ეჭვი შეაქვთ. ამის საფუძველს კი გავრცელებული ცნობები იძლევა.
„თალიბანი“ ტაჯიკ მებრძოლებს ნაწილობრივ ავღანეთის ჩრდილოეთით საზღვრის გასაკონტროლებლად გზავნის. იუწყება დღეს რადიო თავისუფლოების ევროპის ბიურო. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეს, როდესაც „თალიბებმა“ ავღანეთი-ტაჯიკეთის საზღვართან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საგუშაგო დაიპყრეს, ტაჯიკ მებრძოლებს „თალიბანის“ დროშის აღმართვა დაავალეს.
ტაჯიკი მაჰდი არსალონი, რომელიც მებრძოლთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, განალაგეს ხუთ რაიონში, რომლებიც „თალიბებმა“ ტაჯიკეთის საზღვართან, ბოლო თვეების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს.
ავღანეთში არსალონს და სხვა ტაჯიკ მებრძოლებს „ტაჯიკური თალიბანის“ სახელით იცნობენ. სინამდვილეში ისინი ჯამაათ ანსარულას წევრები არიან, რაც ტაჯიკეთში, როგორც ტერორისტული დაჯგუფება აკრძალულია. ანსარულა ამრიდინ ტაბაროვმა 2010 წელს დააარსა, რომელიც ანტისამთავრობო ძალების საველე მეთაური იყო ტაჯიკეთის 1992-97 წლების სამოქალაქო ომის დროს. ტაბაროვი, იგივე მოლა ამრიდინი, 2015 წელს ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მოკლეს. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურების ოფიცერი რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროსთან საუბრისას ადასტურებს, რომ არსალონი ახლა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი ავღანეთის ხუთ რაიონში, ტაჯიკეთის მოსაზღვრედ, რომლებიც ამჟამად „თალიბების„ მიერ კონტროლდება.
ის ასევე ამბობს, რომ არსალონმა „თალიბანს“ წარუდგინა" დაახლოებით 200 ტაჯიკი მებრძოლი. სავარაუდოდ, მათ ავღანეთის ჩრდილოეთ ბადახშანის პროვინციაში, „თალიბანის“ მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ შეტევაში მიიღეს მონაწილეობა, როდესაც შეიარაღებულმა ჯგუფმა დიდი ტერიტორიები დაიპყრო. სხვადასხვა წყარო ასევე ადასტურებს, რომ „თალიბანს“ ტაჯიკეთის რამდენიმე მოქალაქე შეუერთდა. შარიფოვი დაჯგუფებას 7 წლის წინ შეუერთდა. მისმა დედამ მედიას განუცხადა, რომ არსალონი რუსეთში წავიდა 2015 წელს. ექვსი თვის შემდეგ, შარიფოვმა დედას ტელეფონით უთხრა, რომ მან „ტყეში დაიწყო მუშაობა, სადაც მობილური ტელეფონის სიხშირე მიუწვდომელია“. ბოლოს ის შვილს 20 ივლისს ესაუბრა, მანამდე კი მასთან სახლში მივიდნენ ტაჯიკეთის ოფიციალური პირები და უთხრეს, რომ ის ავღანეთშია. მედია არსალონის მეგობარსაც ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ შარიფოვი სთხოვდა, შეერთებოდა ჯიჰადს.
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მეამბოხეთა შორის სულ მცირე 10 ადამიანი გამოავლინა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მუჰამედ შარიფოვი (მეტსახელად არსალონი) ამ ჯგუფში ირიცხებოდა.
ტაჯიკმა მებრძოლებმა ბადახშანში ავღანეთის ხელისუფლების ყურადღება 2020 წლის ნოემბერში მიიპყრეს, როდესაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აჯანყებულები ავღანეთის არმიის ფორმიანებს სასტიკად კლავენ. ბოევიკების ნაწილი ტაჯიკური აქცენტით საუბრობდა.
„თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მედიას განუცხადა, რომ თალიბები მხარს უჭერენ ტაჯიკეთთან კარგ ურთიერთობებს და ავღანეთში არცერთ დაჯგუფებას შუა აზიის რომელიმე ქვეყნის მოსაზღვრედ თავდასხმის უფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, პირიქით, „თალიბანი“ ამის პრევენციას ახდენს. თუმცა ამ დაპირების არ სჯერა ტაჯიკეთის ხელისუფლებას.
პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ავღანეთის საზღვარზე 20,000 დამატებითი ჯარისკაცის განლაგების ბრძანება გასცა. ტაჯიკეთმა ასევე ჩაატარა სამხედრო წვრთნები ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 230,000-მა ჯარისკაცმა. ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენელი,, რომელმაც მედიასთან ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნავს, რომ „ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა არანაირი მტრული ქმედება თალიბების მხრიდან ტაჯიკეთის მიმართ. "მათ თქვეს, რომ ეს ზიანს არ მიაყენებს ტაჯიკეთს. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ანსარულამ, რომელიც ამჟამად ემსახურება „თალიბანს“, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და მიზნები. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ მომავალში ის თავს არ დაესხმება ტაჯიკეთს ”, - დაამატა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, ექსპერტების მოლოდინი, რომელიც მათ Europetime-თან დააფიქსირეს, გამართლდა და დუშანბემ ასევე სთხოვა დახმარება მის მოკავშირე, რუსეთს, სამხრეთ საზღვრების დასაცავად. ხომ არ გაიზრდებოდა რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები ამაზეც თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა ფაქტია, რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება.
ამ თემაზე საუბრისას კი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება.
თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია Europetime-თან საუბრისას აცხადებს, რომ „ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი.
(ინფორმაციისთვის: რუსული მედიის ცნობით, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 201-ე რუსული სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ობიექტი მის საზღვრებს გარეთ)
„ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყვნენ რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში გაანეიტრალეს.
„ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება... უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის: არ ყოფილიყო „ალ-ქაიდა“, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.
ამასთან, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ Europetime-თან განაცხადა, რომ „არავის ინტერესშია, ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. „ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“.
ამავე თემაზე:
აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავიადარტყმებს განაგრძობს
გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას
აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს
აშშ-ისა და NATO-ს ძალებმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს