პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა ძალიან ელემენტარული წესების დაცვით.
მან მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამავრცელებელი.
„მიმდინარეობს ტენდენცია გლობალური და ვისმენთ რა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებს, პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს პროგნოზი და განცდა, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია დასრულდება წლის ბოლოს, ასე არ იქნება, არ მოხდება, შესაძლოა, გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, იმიტომ, რომ დამოკიდებულები არიან ადამიანების, ჩვენს ქცევაზე.
ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული - აუცილებელია აცრის ჩატარება, როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს.
ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა.
კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3
ამავე თემაზე: რეგიონებში მოსახლეობა საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ იცრება
ცნობისთვის, NDI-მ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის მიერ აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47 პროცენტი ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს.
13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება.ამასთან, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია, 47% სოფლის ტიპის დასახლებებშია.
მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45 % ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71-ია.