ჩეხეთს ქაბულიდან დიპლომატები გაჰყავს

ჩეხეთმა ავღანეთიდან საკუთარი დიპლომატების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა ამის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კულჰანეკი გადაწყვეტილება მოკავშირეებისა და ჩეხეთის ელჩის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო. იტყობინება ABC News-ი.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა ქაბულში საელჩოს თანამშრომლებს მინიმუმამდე შეამცირებს.

მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, ავღანეთში ჯარისკაცებს გზავნის ბრიტანეთიც.

მანამდე აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქაბულში, საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის.

ბოლო მონაცემებით, რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს, ისინი ქაბულს მიუახლოვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.