აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ ქაბულში, საელჩოდან პერსონალის ნაწილის ევაკუაციის მიზნით, დამატებით 3000 ჯარისკაცს გაგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი მომდევნო ორი დღის განმავლობაში განხორციელდება.

ჯარები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას გაუწევენ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ ამერიკელებს.

ცნობისათვის, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე წარიმართა.

ბოლო მონაცემებით, ავღანეთში მოძრაობა "თალიბანმა" დაიკავა 11 პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის ყანდაარი და ჰერათი.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

ამავე თემაზე: ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი

ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

„თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს

თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა