Reuters-ის ინფორმაციით ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა და დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია გარანტი, რომ ავღანეთში მცხოვრები კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ და მშვიდად, უსაფრთხოდ იცხოვრონ.
„ვუერთდები ერთსულოვან ღელვას ავღანეთში არსებულ ვითარებაზე. გთხოვთ, ერთად ვილოცოთ ღმერთის მიმართ მშვიდობისთვის, რათა იარაღის გუგუნი დასრულდეს და გამოსავალი დიალოგის მაგიდასთან მოიძებნოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება, ამ ქვეყნის ტანჯული მოსახლეობა - კაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები დაუბრუნდნენ სახლებს და მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.
დღეს დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ხელისუფლებისგან ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოითხოვა. ამჟამად პრეზიდენტის სასახლეში დაჯგუფებისა და მთავრობის წამრომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ,,თალიბანის" მებრძოლებმა ქაბულზე შეტევა დაიწყეს და ავღანეთის დედაქალაქში შევიდნენ.
ავღანეთში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო მედიის ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა დაიკავეს ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.
CNN-ი: ავღანეთის მთავრობა დაჯგუფება „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს