საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს

France Info-ის ინფორმაციით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ განაცხადა, რომ ორშაბათს საღამოს საფრანგეთი დაიწყებს თავისი მოქალაქეების გაყვანას ქაბულიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საჰაერო გზით.

პარლის თქმით, საფრანგეთი გეგმავს ევაკუაციას საფრანგეთის მოქალაქეებისა და „ყველა იმ ადამიანისა, ვინც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფება“.

„რამდენიმე ათეული მოქალაქე იქნება ევაკუირებული ავღანეთიდან, მათ შორის, დიპლომატიური პერსონალი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მედიასსაშუალებასთან საუბრისას.

ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.

მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა.

დაჯგუფება ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს. დაიკავა ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც უზბეკეთიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ „თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის „ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.

„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან.

ამავე თემაზე:

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს