საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა რეგიონებშიც მიმდინარეობს

რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით COVID19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.

"შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე. თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.

ეკატერინე ტიკარაძე დღეს, თელავში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ამბულატორიებში არის შესაძლებელი.

მან მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, COVID19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯერებსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე მოინახულა.

მინისტრის თქმით, მთავარი პირობა, რაც მრავალფეროვან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას ეხება, მობილურ ამბულატორიებშიც დაცულია.

კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა.

"მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის" საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს.

შეხვედრები Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა