საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს

რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული, ეს შეკითხვას გუშინ დასვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მის ამ განცხადებას დისკუსიები პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა და არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, კენჭისყრის გადადებას მომხრეები პოლიტიკოსებშიც გამოუჩნდნენ.

ქვეყნები, სადაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა

მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, ამ საკითხზე მსჯელობაში მონაწილეობა მიიღოს.

„2-3 კვირით არჩევნების გადადება ნამდვილად არ შეცვლის ვითარებას და გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი. ამიტომ მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პაუხისმგებლობა თქვენზეა, რადგან ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ნამდვილად არ ვაპირებ ხელის გამოშვერას, მაგრამ, გთხოვთ, ამ ერთხელ მაინც კარგად დაფიქრდით, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. მივმართავ ასევე ოპოზიციურ პარტიებს და ყველამ ერთად საერთო პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ შეგვეშინდება იმ ინიციატივებით გამოსვლა, რომელიც სჭირდება ხალხს. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ დავამარცხოთ პანდემია და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მზად ვართ, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობაში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ როდესაც ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია ლოკდაუნით ან არჩევნების გადადებით, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძემ და თენგიზ ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, რეალობას გავუსწორებთ თვალს. ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც მოხდა შარშან, როცა დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში აჭარის რეგიონი მთლიანად რომ ჩაგვეკეტა, ბევრ პრობლემას თავიდან ავირიდებდითო. ეს თქვა დეკემბერში. აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში და უნდა გამოვიდნენ ბატონი გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და უნდა თქვან, თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების ბრალდებებს, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ, ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად 40%-ის აღების შანსიც არ აქვს ამ არჩევნებზე.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება იქნება, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და თუ ხელისუფლება არჩევნების თარიღის ცვლილებას გადაწყვეტს, ამის წინააღმდეგი არ იქნებიან.

„უმძიმესი მდგომარეობაა. ამაზე საუბარი, ალბათ ზედმეტიცაა, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ყველანი, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შიშით ელოდება მეორე დღის დადგომას, რადგან დღეს ისეთი ტემპით მიდის ინფიცირება, დაზღვეული არავინ არის. ეს შემზარავი ციფრები, რომლებიც ყოველ დილით ქვეყნდება, კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი. რა თქმა უნდა, თუ ვითარება ასე განვითარდა, თუ ჩვენ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება გვექნა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. მათ შორის, თუკი ვეღარ მართავს სიტუაციას და როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაექცა მართვის სადავეები, უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „არ არსებობს პერსპექტივა კოვიდ პანდემიისგან უახლოეს ერთ-ორ თვეში გათავისუფლდეს მსოფლიო და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესის ამის გამო შეწყვეტაც არ არის მართებული.

მისი თქმით, ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით, საარჩევნო პროცესი, უშუალოდ არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი ისე იქნება ჩატარებული, რომ საფრთხეები მინიმუმადე იყოს შემცირებული.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების გადადებისთვის არსებობს ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი - ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

„როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

როგორია ცესკოს პოზიცია, საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, არ დგას ის საკითხი და მოთხოვნა, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე წარმატებით ჩააბარა გამოცდა. პანდემიის პერიოდში რთულია, მაგრამ შესაძლებელია არჩევნების ჩატარება, როგროც ეს შარშანდელმა წელმა გვაჩვენა“, - განუცხადა Europetime-ს ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

რას ფიქრობენ სპეციალისტები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩევნების გადადების არეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემენ და წესები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხო ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ.

ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს

,,მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი, ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს და ემზადება არჩევნებისთვის დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია ამ მიზნებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში და ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმიც არის ამოქმედებული ამ პირობებში. ვაქცინაციის და ტესტირების გათვალისწინებით, ნაკლები რისკებია ნებისმიერი აქტივობიდან მოსალოდნელი, უფრო საშიშია სპონტანური და დაუგეგმავი აქტივობები, რაც ქმნის ეპიდემიის გავრცელების რისკებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისეთივე იქნება, როგორც ახლა, არჩევენების ჩატარება რისკებთან იქნება დაკავშირებული, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან საუბრისას. ივანე ჩხაიძის თქმით, 6000 ინფიცირებულის პირობებში, არჩევნების ჩატარება რეკომენდებული არ იქნება, თუმცა გადადებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, თუ აგვისტოში დღიურად აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდება, სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი არ უნდა იყოს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მაღალი არ უნდა იყოს. ვინაიდან, აცრილების რაოდენობა მზარდია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე ვგულისხმობ აგვისტოს პერიოდს, თუ ჩვენ აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ, 30 000 ყოველდღიურად, ეს არის სწორედ ის, რაც შედეგს მოგვცემს ერთი თვის შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის.

ამიტომ ვამბობ, თუ აგვისტოს (ვაქცინირებულთა) მაჩვენებელი იქება მაღალი, სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაგვეზრდება, რაც რისკებს შეამცირებს. მაგრამ ერთია აცრა და მეორეა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებულის პირობებში, ორგანიზებული ღონიძიების ჩატარება (არჩევნების) მიზანშწონილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან. ახლა ყოველდღიური მონაცემი 5000-ს სცდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 60-მდეა.