კოვიდინფექციის გავრცელების პროპორციული მატება ბავშვთა ასაკში აღარ შეინიშნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პედიატრიულ განყოფილებაში დატვირთვა კვლავ მაღალია, თუმცა არა ისეთი, როგორიც ეს იყო თავიდან.
„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები მეტად თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომელიც კლინიკაში რჩება და იმართება. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს გაჩერდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება 12 წელს გადაცულებულების აცრის შესაძლებლობას, გაბუნიას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც „კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან“.
12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ბავშების ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება.
ამავე თემაზე:
ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან
ამირან გამყრელიძე: ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს