რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მწვანე ზონების“ შექმნის აუცილებლობას ხედავს და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევს.
როგორც Europetime-ს შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, ის მხარს დაუჭერს რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულების შეშვებაზე გადაწყვეტილებას, თუ ასეთი მიიღება.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ასევე თვლის, რომ თუ არავაქცინირებულები საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში აცრა სავალდებულო უნდა იყოს.
„ჩემს ობიექტებზე, სადაც ჩემი თანამშრომელი აცრილია, მას ხელფასის დანამატი აქვს. სტუმრები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და წარმოადგენენ საბუთს, მიიღებენ ფასდაკლებას. ყველას აქვს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება სხვის და მის ჯანმრთელობას ხელს უშლის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აცრა სავალდებულო უნდა იყოს.
ვიდრე ვალდებულებამდე მივალთ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, არის თუ არა დღეს არავაქცინირებული ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში და ხელს უშლის თუ არა ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად სკოლაში ბავშვის წასვლა.
დღეს იმდენად დიდი საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს არავაქცინირებულებისგან, რომელთაც გარკვეული ფობიები აქვთ, უნდა მოხდეს ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ვაქცინაციაზე, რომ ის არ არის საშიში.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმე ეპიდვითარებაა და გარკვეულწილად, რეაგირება, რომელიც დღეს სახელმწიფოს მხრიდან ხდება, სრულიად არაადეკვატურია - იქედან გამომდინარე, რომ მიზანი არის მობილობის შემცირება და პანდემიის შენელება, ერთი საათით სარესტორნო სფეროს დამუხრუჭება შედეგს ვერ გამოიღებს.
კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოვიდთან ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობა დღეს არის ვაქცინაცია. მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ვაქცინაცია სწრაფად და ეფექტურად ამოქმედდეს.
მეორე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქორწილებთან თუ „ივენთებთან“ დაკავშირებით, ზომები მკაცრად გატარდეს. თუ ეს ორი პირობა არ ამოქმედდება და ბიზნესზე იქნება დაწოლა, ეს იმოქმედებს არამხოლოდ ცალკეული სფეროს წარმომადგენელზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე.
ვერ გავმიჯნავთ ერთ სფეროს არსებული რეალობიდან, ჯაჭვი იმდენად დიდია და ისეა გადაბმული, ეს მთლიანად ეკონომიკას ითრევს. ის ფაქტი, რომ მოხდა ტურისტების შემოშვება, აისახა ეკონომიკის ზრდის ორნიშნა რიცხვში და თუ ამას ისევ დავამუხრუჭებთ და ვაქცინაციის გეგმას არ შევასრულებთ, შევალთ იმ ჭაობში, რომლიდანაც ამოსვლა ურთულესი იქნება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა.