ნიკოლოზ სამხარაძის  განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს

"ქართული ოცნების" წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირში გასაგზავნად დოკუმენტს ამზადებს და ითხოვს პასუხებს, კონკრეტულად რომელი პუნქტი არ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ. ამის შესახებ სამხარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ბრიუსელში საქართველოს საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩართული.

როგორც ნიკოლოზ სამხარეძემ აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ არ დააკონკრეტა, კერძოდ, რა ვერ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ოთხი პუნქტიდან.

"ბრიუსელში ჩვენი საელჩო უკვე აქტიურადაა კომუნიკაციაში, ჩვენ მომზადებული გვაქვს უკვე დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული ამ პუნქტის შესრულების პროცესს და ეს დოკუმენტი დაეგზავნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა საელჩოს და იქნება ამაზე კომუნიკაცია უშუალოდ ბრიუსელში. ამის შემდეგ გვინდა მოვისმინოთ პასუხები, კონკრეტულად რა არ შესრულდა. არ შეიძლება ზედაპირული განცხადებების გაკეთება, ყველაფერში უნდა იყოს კონკრეტიკა, როდესაც საქმე ეხება კრიტერიუმებს, რომელიც უნდა შესრულდეს. ეს არის ძალიან მარტივი, როდესაც არის სამოქმედო გეგმა, იქ რაღაცა ან შესრულდა, ან არ შესრულდა. ჩვენ გვაინტერესებს რომელი პუნქტი არ შევასრულეთ 22 სექტემბრის შეთანხმების ევროკავშირთან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ამავე თემაზე:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა

ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება