დიმიტრი პესკოვი: რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები

რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები, ქვეყნის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოთქვამს მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილს, "რომელსაც უკრაინის მოსახლეობის ნახევარი მაინც არ უჭერს მხარს, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით". ამავე დროს, "ვაშინგტონი საკმაოდ პოზიტიურად რეაგირებს უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობაზე",- დასძინა მან.

"ეს არის ჩვენთვის პოტენციურად ძალიან საშიში, რადგან NATO ამგვარად გააგრძელებს ჩვენი საზღვრისკენ თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოყვანას. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს გარკვეული კონტრ ზომების მიღებას, რათა მოხდეს სიტუაციის დაბალანსება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების 100%-ით უზრუნველყოფა", - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ზელენსკიმ გაავრცელა შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, მიგვითითებს იმაზე, რომ "უკრაინულ-ამერიკული მეგობრობის მთავარი ამოცანა რუსეთის წინააღმდეგ მეგობრობაა".

ამავე თემაზე:

აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებით, რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა

ენტონი ბლინკენი: აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობა ისე ძლიერია, როგორც არასდროს