ჯიმ რიში: მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და დადგენილ პირობებზე, კითხვებს აჩენს

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის წევრი ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს.

"მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად", - აცხადებს სენატორი რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

სენატორი აცხადებს, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს:

"ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით", - აცხადებს რიში.

ამასთან, ჯიმ რიშის თქმით, დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე:

"კარგია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება", - აცხადებს რიში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდა“ და მეორე მხრივ, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართვლომ დახმარების პირობა ვერ შეასრულა.

ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის.

ამავე თემაზე:

კარლ ჰარცელი: დემოკრატიული რეფორმების გზამკვლევზე ხელმოწერა და შესაძლოა, მასთან დაბრუნებაც არასდროს არის გვიან

კელი დეგნანი: ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება პანდემიისა და უმუშევრობის მიუხედავად

მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული

ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

ანდრიუს კუბილიუსი: მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ ტრანშს

ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები