რას ითვალისწინებს ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მემორანდუმი და რა წერია დოკუმენტში, რომელსაც თბილისში, 2020 წლის 10 სექტემბერს მოეწერა ხელი. ამ საკითხით Europetime დაინტერესდა.
მემორანდუმის თანახმად, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, სამეზობლოს ქვეყნებისთვის გამოეყო მაკროფინანსური დახმარება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში. კერძოდ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა სულ 150 მლნ ევრო.
თავის მხრივ, იმ პერიოდში გავრცელებულ პრესრელიზში, ევროკავშირი აღნიშნავდა შემდეგს: „მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერა“: „საქართველოსთვის ევროკავშირისგან ხელმისაწვდომი იქნება კიდევ 150 მილიონი ევროს ოდენობის ახალი გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების სესხები ძალზე პრივილეგირებული პირობებით, გადაუდებელი, სასწრაფო ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.
მემორანდუმის თანახმად, დახმარება ხელმისაწვდომი იქნებოდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლით“. მეორე ნაწილის ჩარიცხვა კი გარკვეულ პირობებთან იყო დაკავშირებული.
„დახმარება ჩაირიცხება ორ ნაწილად - თითოეული 75 მლნ ევრომდე ოდენობით. პირველი ნაწილი ხელმისაწვდომი გახდება ხელმოწერის ძალაში შესვლის შემდეგ და დამოკიდებული იქნება ქვეყნისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში IMF) მიერ შეთანხმებული ვალდებულებების დამაკმაყოფილებლად განხორციელების პირობებზე. დახმარების მეორე ნაწილის ჩარიცხვა პრინციპში არ განხორციელდება პირველი ნაწილის ჩარიცხვიდან სამ თვემდე ვადაში.
დახმარების მეორე ნაწილის ჩარიცხვა დამოკიდებული იქნება IMF-თან შეთანხმებული ვალდებულებების დამაკმაყოფილებლად განხორციელებაზე და ევროკომისიიდან ევროკავშირის სახელით დადებით შეფასებაზე, რომელიც დაკავშირებულია მაკროეკონომიკური და სტრუქტურული ზომების გაუმჯობესებასთან.
ამ დახმარებასთან თანდართული პოლიტიკის პირობები დაფუძნებულია ეკონომიკურ სტაბილიზაციაზე და ქვეყნის ხელისუფლების მიერ დამტკიცებული რეფორმების პროგრამაზე და შეესაბამება ქვეყანასა და IMF-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას. შესაბამისად, ამ დახმარების ხელმისაწვდომად გახდომამდე, კომისია ხელისუფლების წევრებთან და IMF-ის თანამშრომლებთან ერთად გადაამოწმებს, რომ ზემოხსენებულ დახმარებასთან თანდართული პირობები ადეკვატურად შესრულებულია ან მიღწეულია ახალი შეთანხმება.
„კომისიის მიერ თანხის მეორე ნაწილის ჩარიცხვამდე საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები მიაწვდიან მასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის მიღებისთანავე კომისია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონსულტაციებზე დაყრდნობით შეაფასებს პირობების შესრულების პროგრესს. ამ შეფასებაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვაში, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბიზნესგარემოს მიმართულებით და ასევე, სექტორულ რეფორმებს, სახელმწიფო საწარმოების ჩათვლით. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კომისიას შეუძლია, უარი თქვას დახმარების თანხის ნაწილების ჩარიცხვაზე, ვიდრე ქვეყანა უზრუნველყოფს პირობების შესაბამისობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს პუნქტები, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი Europetime-თან განმარტავს.
„მეხუთე პუნქტში საუბარია სასამართლო რეფორმაზე, დაკონკრეტებულია მოსამართლეთა დანიშნვნის წესი, რომ ის უნდა შეიცვალოს და ეს ვალდებულება მთვრობამაც აიღო. უფრო კონკრეტულად, ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა მოხდეს მოსამართლეთა არჩევა, მაგრამ ეს შეთანხმება ასევე ჩაიდო ინტერპარტიული შეთანხმების მემორანდუმში, რომელიც ასევე მალე დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლეები ძველი წესით აირჩია.
ამ შემთხვევაში ევროკავშირი თვლის, რომ ეს პუნქტი არ არის თანხვედრაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ამიტომ აპირებდნენ შეჩერებას. ამაზე საუბრობდნენ კიდეც ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წარმომადგენლები. ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, ასეთი დახმარებები შეაჩეროს, მაგრამ მათ აქვთ გავლენა და შესაბამისად, მთავრობამ უბრალოდ დაასწრო მოვლენებს. იცოდნენ, რომ მაინც შეუჩერებდნენ.
რახან კრედიტი პირობითია, არ შეასრულებ არ გირიცხავენ, შეასრულებ - გირიცხავენ. ამას სანქციას ვერ დავარქმევთ, ეს არის უარყოფითი პასუხი მოთხოვნაზე, ეს ხომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შედეგად ხდება გრანტის გამოყოფა. ნებისმიერი დონორი ფულს ისე არ გამოყოფს, თუ არ არის ბენეფიციარი მთავრობისგან. მოვიდა მომენტი, როგორც მინიმუმ ერთი პირობა არ არის შესრულებული და მთავრობამ თქვა, რომ გრანტი არ სჭირდება. ეს ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმების დარღვევაა, ევროკავშირს არაფერი დაურღვევია“, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.