ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული საევაკუაციო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ქაბულში განხორციელებული საერთაშორისო საევაკუაციო ოპერაცია, მოითხოვდა კარგ და სწრაფ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე. თბილისი მოულოდნელად გახდა ფინეთის მოქალაქეებისა და ფინეთის დაცვის ქვეშ მყოფი ავღანელების ევაკუაციის მნიშვნელოვანი კერა.

მოქნილობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა თბილისის აეროპორტის გამოყენების კუთხით, ძალიან ღირებული იყო. ევაკუაციის პროცესში საქართველოსა და ფინეთის ხელისუფლებებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითო იყო და ის წარმოადგენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების გამოვლინებას.

მინდა გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება და ველი თქვენთან კიდევ ერთხელ პირადად შეხვედრის შესაძლებლობას," - ნათქვამია ფინელი დიპლომატის წერილში.

აღსანიშნავია, რომ წერილი დავით ზალკალიანს 2021 წლის 4 სექტემბერს გამართულ მიღებაზე, ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა, კირსტი ნარინენმა გადასცა.

ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა.

ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.

ამავე თემაზე:

ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა.

ვიქტორია ნულანდმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს როლზე ისაუბრა

აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის