თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ

საქართველო 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციას განიხილავს, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია.

„ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში.

მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან. ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 12 წელს გადაცილებულების აცრა ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, იტალისა და ესპანეთშიც მიმდინარეობს. ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში დაშვებულია აშშ-შიც.

ამავე თემაზე: 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრის საკითხზე ჯერ ისევ მსჯელობა მიმდინარეობს

რა შემთხვევაში აცრიან 12 წელს გადაცილებულ ბავშვებს - განათლების მინისტრის განცხადება

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი: პირველ ეტაპზე გარკვეულ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრა აჯობებდა

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომიტეტი 12-15 წლის ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციაზე უარს ამბობს

კუბამ 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო