Europetime-მა დღეს მედიაში გავრცელებულ ე.წ. ფარულ ფაილებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის კომენტარები შეკრიბა და გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე
ამ ჩანაწერების გავრცელებით, ვიღაც ცდილობს, სასულიერო პირების დაშანტაჟებას, რომ ამბიონიდან იქადაგონ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ.
ვიცი, რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი და იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტს იყენებს ძალაუფლების და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭის მიზნით. არაფერი ამაში გასაკვირი არ არის და ყველამ იცის, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ისევე, როგორც ზუსტად ვიცი, რომ სუს-ი უსმენს ყველას, - ჟურნალისტებსაც, პოლიტიკოსებსაც, სასულიერო პირებსაც. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. რატომ გავრცელდა ახლა ეს ჩანაწერები? - ვიღაც, სავარაუდოდ, ცდილობს ამ ჩანაწერებით იმ სასულიერო პირების დაშანტაჟებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას, რომ მათ იქადაგონ, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“.
სუს-ის ჩანაწერებია, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციიდან ვიღაცა აკეთებს, სისულელეა. გასაგებია, ვინ აკეთებს და საიდანაც ჟონავს. რატომ გამოუშვეს ახლა და რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, არ ვიცი.
ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია
რაც ეკლესიასთან მიმართებით გამჟღავნდა, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი - კოალიციური მთავრობის პირველი გადაწყვეტილება სუს-ის გაუქმება უნდა იყოს.
ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ, ნათლად დაადასტურა ერთი რამ, რომ სახელმწიფო სუს-ის მეშვეობით ტოტალურად უსმენს საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ უთვალთვალებენ და როგორ ადგენენ კარტოთეკებს მასწავლებლებთან მიმართებაში, სკოლის დირექტორებთან მიმართებაში, მაგრამ ის, რაც გამჟღავნდა დღეს ეკლესიასთან მიმართებით, ესაა წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია ამ ეტაპისთვის.
დასტურდება, რომ სუს-ი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ბიუჯეტიდან აღებული მილიონების ხარჯზე, დაკავებულია მხოლოდ ერთადერთით, თავისივე მოქალაქეების უკანონო თვალთვალით, მიყურადებით. შემდეგ დაშანტაჟებითა და დაშინებით და ამას აკეთებს მხოლოდ იმისათვის, რომ ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია
„ჯერჯერობით დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი, ეს რა არის, ვის ინტერესებს ემსახურება, საერთოდ ავთენტურია, არ არის ავთენტური, ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის? მაგრამ ფაქტი ერთია, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არიან სრულად მოშლილი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მსგავსი რამ, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ ინსტიტუტებზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს.
ეს ორგანიზებული შეტევები, რომელიც ხდება ქართულ ეკლესიაზე კატეგორიულად მიუღებელია. ეს ერთი და მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მცდელობები ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების, ესეც კატეგორიულად მიუღებელია. მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას და ვთქვა, რომ ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტები როგორც სახელმწიფო, ასევე სასულიერო, დადგნენ რისკის ქვეშ და იყვნენ დაზიანებული. 2012 წელს მაგონებს კი არა, ჩათვალეთ, რომ ჩვენდა საუბედუროდ, უკვე ვუახლოვდებით იქაურობას, უკვე იქ მივდივართ, არამარტო ამ მაგალითებით, იმ მაგალითებითაც, როგორ მოქმედებს ეს სახელმწიფო ინსტიტუტები - იმის მაგივრად, რომ თავიანთ ინფრასტრუქტურას და მოქალაქეებს იცავდნენ, ამ მოქალაქეებზე ზეწოლით და დაშინებით არიან დაკავებულები.
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე
ხელისუფლება ყველას უსმენს საპატრიარქოსაც, პოლიტიკურ ოპონენტებსაც და თანაგუნდელებსაც. თუ ვინმეს ეგონა, რომ მასთან მიმართებით იყო გამონაკლისი, ეს ილუზიაც დამთავრდა დღევანდელ დღეს - რად გვინდა ეს მოსმენები? საქმე ვაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ, ვინც საქმეს აკეთებს იმას არაფერში არ სჭირდება მსგავსი უკანონო ქმედებები. მოახლოვდა არჩევნები და კვლავ გრძელდება ჩანაწერები, მოსმენები, შანტაჟი, რომელიც ჩამოშლილი სისტემიდან ვრცელდება. ეს არის საბჭოთა პრაქტიკა, რომელიც საქართველომ ვერ მოიცილა ვერცერთი ხელისუფლების დროს.
„ლელოს“ ერთ- ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე
თუ მეკითხებით, უნდა გამოიკვლიოს თუ არა უშიშროების სამსახურმა როცა ასეთი ტიპის ინფორმაცია საჯაროვდება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიკვლიოს. გვისმენ თუ არა? - განცდა არის, რომ გვისმენენ. შესაძლოა, მათ შორის, უსმენენ ეკლესიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ კონკრეტულ ინფორმაციაზე შეფასების გაკეთება, სადაც წყარო არ არის ცნობილი, მისი აუთენტურობა დადგენილი არ არის, არ იქნება სერიოზული.
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა სააკაშვილის, შევარდნაძის დროს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ამით არის დაკავებული, უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს, უსმენს და უთვალთვალებს ყველას. ახლა რატომ გამოვარდა ეს ჩანაწერები, რას ემსახურება, ვის მიერაა გავრცელებული, ნამდვილია თუ არა, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. არ ვიცი, არც კრიმინალისტი ვარ, არც სპეციალისტი, თუმცა განცდის დონეზე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ უშიშროება რა მეთოდებითაც საქმიანობდა, იმ მეთოდებით საქმიანობს. როგორც სააკაშვილის დროს უსმენდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ახლა „ქართული ოცნების“ დროს უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და დანარჩენ ყველას. მაგრამ ეს ჩანაწერები ნამდვილია, არ არის ნამდვილი, არ ვიცი, ამაზე თავს ვერ დავდებ და შინაარსი, რაზეც ლაპარაკია, ეს ასე იყო თუ არა, მარჩიელობა იქნება“.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია
თუ ამოცანად დასახულია ტოტალური კონტროლი და კონტროლი არა მათზე, ვინც ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და სუვერენიტეტის, თავისუფლების მტერია, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც აქტიურები არიან, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით, აი ამ შედეგს ვიღებთ. ვიღებთ ქვეყნის დასუსტებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნას, იმის მაგივრად, რომ საფრთხის განეიტრალებისკენ იყოს მოწოდებული სპეცსამსახურები.
ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი
დარწმუნებული ვარ, ამ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხს გასცემს, რონელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, როცა ერთი ყოფილი თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ყველას უსმენენ და რაღაც ფურცლები ააფრიალა, ეს არაფერს ნიშნავს რასაკვირველია, მაგრამ საკითხის შესწავლა და საზოგადოების საყურადღებოდ მკაფიო კომენტარების გაკეთება აუცილებელია, მე ვფიქრობ, შესაბამისი რეაგირება არ დააყოვნებს. რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებ მტკიცებულება შეიძლება იყოს კონკრეტული ტელევიზიისთვის, მაგრამ არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის, თუმცა, დამატებით კითხვებს პასუხები სჭირდება.
ერთადერთი რაც რაციონალური, სიმართლესთან ახლოს მყოფი განცხადება მოვისმინეთ ოპონენტებისგან, ეს არის, რომ „მანკიერი პრაქტიკა გრძელდება“, ანუ ადასტურებენ, რომ ეს პრაქტიკა იყო. ეს პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ იმისათვის, რომ გაუთანაბრდეს დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა დანაშაულებში 2012 წლამდე არსებულ სადისტურ მმართველობას, რასაც გინდა გააკეთებენ და რა პროპაგანდისუილ მანქანასაც გინდა ჩართავენ ნებისმიერ თემაზე, რაზეც რეაგირება მოახდინა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებზე.
თბილისის მერი კახა კალაძე
ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც, ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ, სახლში ცოლი - ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა, ეს წლები მახსოვს, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაც ეს ძალიან ცუდია და არ მივესალმები, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება, რომ ეს ახლა გაკეთებულია.
ამავე თემაზე:
მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები