„ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა", - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
"მე შემიძლია მხოლოდ სულიერი თვალით შევხედო ამ ყველაფერს და სულიერი ახსნა მოგცეთ. რა ხდება რეალურად. ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა და ვინც ამ თავდასხმას ახორციელებს, ზოგადად, გასაგებია ვინც აკეთებს ამას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შესაბამისი რეაგირება უნდა გვქონდეს ყველას ერთად. ერთი არის რომ გვისმენენ, ერთი არის რომ გვიქვეყნებენ, საშინელებაა ეს ყველაფერი", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, სად არის გადაცდომა - „იმაში, რომ გვისმენენ, თუ იმაში, რომ გამოაქვეყნეს".
„ამ უმსგავსობას უნდა ვებრძოლოთ, არ ვიცი სად უნდა ვუჩივლოთ, რომელ სასამართლოში, მაგრამ ეს არის გაუგონარი ფაქტი და სწორედ სამართალდამცავებმა, ვისაც ვენდობით, იმათმა დაადგინონ, სად არის გადაცდომა - იმაში, რომ გვისმენენ თუ იმაში, რომ გამოაქვეყნეს. ორივე ალბათ სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ ერთადერთი უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
გავრცელებული ფარული ფაილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებიც არის.
ამავე თემაზე:
პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“
არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს