ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ჩანაწერებზე: პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო.

როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება.

"ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი, რომელსაც ცალსახად გიდასტურებთ და მე მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ფაილებზე გახარიას გუნდის პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და თქვა, რომ ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი კურირებდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი.

ამავე თემაზე:

მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს

პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება