ე.წ. ფარულ ფაილების საქმეს ევროკავშირი მედიაში ინფორმაციის გავრცელებიდან 5 დღის შემდეგ გამოეხმაურა და მას ძალიან სერიოზული საკითხი უწოდა. ამავდროულად განაცხადა, რომ ამ თემას ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში განიხილავს. უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა:
„ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომლებიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით“.
Europetime დაინტერესდა, რას ითვალისწინებს ვენის კონვენცია და რას ნიშნავს ის დიპლომატიურ ურთიერთობებში. როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე Europetime-თან აცხადებს, ვენის კონვენციით, ყველა დიპლომატიური მისია თავისი თანამშრომლების ჩათვლით დაცულია ადგილსამყოფელი ქვეყნის მხრიდან, ნებისმიერი სამართლებრივი დევნის, შევიწროების, მათ შორის მიყურადებისა და თვალთვალისაგან.
„მე არ ვამბობ, რომ ქვეყნები ამას არასდროს აკეთებდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად, საკუთარ ქვეყანაში დიპლომატიურ მისიებს ავტორიტარულ ქვეყნებში უსმენდნენ, ან ქვეყნებში, სადაც ამ დიპლომატიურ მისიას განიხილავენ მტრული ქვეყნის წარმომადგენლად. ყველა შემთხვევაში, ეს არის გამოვლინება ერთი მხრივ, საერთაშორისო სამართლის დარღვევისა, უპატივცემულობისა და იმ ქვეყნის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომლის დიპლომატიურ წარმომადგენელს უკანონოდ უსმენენ. ეს არის დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ოფიციალურად, ეს ურთიერთოები არის პარტნიორული და მეგობრული“.
როგორც ცნობილია, ამ საკითხს მხოლოდ ვენის კონვენცია არ არეგულირებს, როგორც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი Europetime-თან აცხადებს, ყოველ ჯერზე, როდესაც მყარდება დიპლომატიური ურთიერთობა; როდესაც იხსნება უცხო ქვეყნის საელჩო, თითოეული ქვეყანა აძლევს უსაფრთხოების და დიპლომატიური იმუნიტეტის გარანტიებს ახალი საელჩოს გახსნისას შესაბამის ქვეყანას.
„თითოეული დიპლომატის, ელჩის აკრედიტაციისას, ქვეყნები ერთმანეთს უდასტურებენ სწორედ ამგვარ პრივილეგიებს, რომ მიმღები ქვეყანა ყველანაირად იცავს უფლებებს და უცხო ქვეყნის დიპლომატის, განსაკუთრებით, ელჩის იმუნიტეტს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მიერ არის დარღვეული. მე არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, გამოვრიცხავ, სხვა ქვეყნები უსმენდნენ დიპლომატებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მეგობრული ქვეყნების მხრიდან ამის გაკეთება სრულიად მიუღებლად ითვლება და თუ ამას აკეთებენ, ისე აკეთებენ, რომ საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. როდესაც საქართველო უსმენს თავისი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, ამით ნეგატიურ მესიჯს გზავნის და მეორე წესი არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, არ უნდა მოუსმინო, არ უნდა უთვალთვალო და არ უნდა გამოგიჭირონ რომ უსმენ“.
რას ნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლის მინიშნება ნაბიჯების გადადგმაზე, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „პირველ რიგში, ეს მიუთითებს უნდობლობის ზრდაზე. „ეს უნდობლობა საქართველოს მიმართ ნელ-ნელა ჩამოყალიბებულია“, - აღნიშნავს დიპლომატი და ამის ერთ-ერთ მაგალითად ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმების გაფორმება მოჰყავს.
„ის იმიჯი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, პროევროპული, პროდასავლური კურსის მქონე დემოკრატიის ავად თუ კარგად მშენებელი ქვეყნისა, სამწუხაროდ, დასავლეთში სერიოზულად არის შელახული და ახლა უკვე იქნება საკითხი პირდაპირ აბსოლუტური უნდობლობისა, რადგან როგორც აღმოჩნდა, პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც უსმენენ და ამ ფაქტს საიდუმლოდ ვერც კი ინახავენ“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.
დიპლომატი მოსმენების შესახებ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებსაც იხსენებს:
„ყველაზე კარგი მაგალითია, როგორ უსმენდნენ აშშ-ის საელჩოს საბჭოთა კავშირში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ რუსეთშიც ასე ხდება. მაგალითად, შეერთებული შტატების მთავრობამ მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, ამერიკის ელჩისთვის გადაცემული საჩუქარი, ხეზე ამოტვიფრული ღერბი, რომელიც წლების განმავლობაში ეკიდა ელჩის კაბინეტში, წარმოადგენდა მოსასმენ მოწყობილობას და ის დღეს ინახება შეერთებულ შტატებში, შესაბამის მუზეუმში.
მეორე მაგალითია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თითქმის აშენებული საელჩო მთლიანად დაშალა რუსეთში, როდესაც მის სტრუქტურაში აღმოაჩინა, რომ კედლებში იყო ჩამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები. ხაზს ვუსვამ, ეს ეხებოდა ცივი ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში არამეგობრულ ქვეყნებს“.
ცნობისთვის, სახელმწიფოები, ვენის კონვენციის მხარეები აღნიშნავენ, რომ ყველა ქვეყნის ხალხები ოდითგანვე ცნობენ დიპლომატიური აგენტების სტატუსს, მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა დაპრინციპებს-სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო მშვიდობისა დაუშიშროების მხარდაჭერას და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობას; დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავების მიუხედავად, შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა მხრივ გამორჩენის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ნაყოფიერად აღასრულონ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენელი ორგანოების ფუნქციები;ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც დაარეგულირებენ საკითხებს, რომლებსაც უშუალოდ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებანი.
შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა ე.წ. ფარული მასალები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, ჟურნალისტების და ასევე რიგი ქვეყნების ელჩების მოსმენას უკავშირდება. მისი შინაარსი რიგმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმაც დაადასტურეს. ავთენტურობა ოფიციალურად დადგენილის არ არის, პროკურატურამ 14 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო.