საზოგადოების დიდმა ნაწილმა აკაკი ხოშტარიას სახელი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ულამაზესი სასახლის ფოტოების გავრცელების შემდეგ შეიტყო, რადგან სასახლის აშენებას, ემოციურ ისტორია უკავშირდება. 1915 წელს ქართველმა ბიზნესმენმა და ცნობილმა მეცენატმა, იტალიელი არქიტექტორები მოიწვია და საკუთარ დედას, მშობლიურ სოფელში, სუჯუნაში, ულამაზესი სასახლე აუშენა. თუმცა არანაკლებ საინტერესო და ემოციურია თავად აკაკი ხოშტარიას ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.
Europetime ქართველი მეცენატის მოღვაწეობის უცნობ დეტალებზე აღმოსავლეთმცოდნეს, გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა.
როგორც გიორგი ლობჟანიძე გვიამბობს, სწორედ აკაკი ხოშტარიამ დააფინანსა, ნიკო ნიკოლაძის ორგანიზებით დაწყებული საქართველოს რკინიგზის ნაწილის მშენებლობა. 1920 წელს, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა მის სახელს უკავშირდება. მან შეიძინა 4 სამხედრო გემი და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში. 1907 წლიდან ის აფინანსებდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. მისი ხარჯით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი და თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტი გახდა.
აკაკი ხოშტარიამ დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას, მთელს შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე. მისი უშუალო დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან რაც მის დამსახურებებს მიეწერება და არა მარტო საქართველოში. ირანში პირველი რკინიგზა სწორედ აკაკი ხოშტარიამ გაიყვანა და სხვა დიდ მიღწევებთან ერთად ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენები მოიპოვა.
„გამორჩეული თვისებებისა და ბედისწერის კაცი იყო აკაკი ხოშტარია, რომლის სახელსაც საქართველოში თითქმის ტაბუ ჰქონდა დადებული დიდი ხნის განმავლობაში და ალბათ, მისი შთამომავლებისა და მემკვიდრეების გარდა, არც არავინ ახსენებდა. საბჭოთა ხელისუფლება აკაკი ხოშტარიას სახელის ხსენებას იმდენად გაურბოდა, რომ თავის დროზე, მის მიერ აუქციონზე შეძენილი და შემდეგ, ემიგრაციაში წასვლის წინ, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ანდერძით ქართველი ხალხისათვის გადაცემული დავით სარაჯიშვილისეული სასახლე, დღევანდელი მწერალთა სახლი მაჩაბლის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის შემოწირულობად ცხადდებოდა“, - აღნიშნავს გიორგი ლობჟანიძე.
აკაკი ხოშტარიას გამდიდრების საბედისწერო ისტორია
პირველი ქართველი ნავთობმაგნატის და როგორც მას უცხოური პრესა უწოდებდა, მაშინდელი ირანის „არაფორმალური მმართველის“ აკაკი ხოშტარიას გამდიდრების ისტორია, ზღაპრების პერსონაჟების თავგადასავალს მოგაგონებთ.
აკაკი ხოშტარია ღარიბი აზნაურის, დადიანების მოურავის მეთოდე ხოშტარიას შვილი იყო. პეტერბურგში განათლების მიღების შემდეგ, გაგრაში პრინც ოლდენბურგთან მსახურობდა ფინანსების მმართველად.
როგორც გიორგი ლობჟანიძე მოგვითხრობს, თ. კვაჭაძე მოგონებში წერს, რომ აკაკი ხოშტარია ახალგაზრდობაში ფოთელ მეწვრილმანეს, ვინმე ზოდელავას დაუმეგობრდა და მასთან ერთად ოდესაში ნავთის გადასაყიდად გამგზავრება გადაწყვიტა. პატარა სავაჭრო გემით გაემგზავრნენ. ტუაფსესთან გემი საშინელ ქარიშხალში მოჰყვა და ოდესის ნაცვლად თურქეთში აღმოჩდნენ. სასწაულებრივად გადარჩენილმა ხოშტარიამ და ზოდელავამ ნავთი თურქეთში დიდ ფასად გაყიდეს, რადგან იმდროინდელ თურქეთში ნავთზე დიდი მოთხოვნა ყოფილა. თურქეთში სარფიანი ვაჭრობის შემდეგ, შემდგომი საქმიანობისათვის კარგი კაპიტალი დააგროვეს და აკაკი ხოშტარია პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრა. იქაური ნავთობმრეწველის მუსა ნაგიევისაგან ნავთობსარეწი დანადგარები იყიდა, მერე ბათუმში დაბრუნდა, სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო.
აკაკი ხოშტარიას კაპიტალი და გავლენები კავკასიასა და ირანში. რატომ უწოდებდა მას ევროპული პრესა ირანის არაფორმალურ მმართველს
გიორგი ლობჟანიძის ცნობით, იმ დროისათვის აკაკი ხოშტარიას გავლენა და მნიშვნელობა სპარსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში იმდენად დიდი იყო, რომ 1924 წელს ბერლინში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი „რულის“ კორესპონდენტი ვლადიმერ ნენგინსი ერთ-ერთ სტატიაში „ირანის უგვირგვინო შაჰსა“ და „საქართველოსა და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს“ უწოდებდა.
როგორც Europetime-ს გიორგი ლობჟანიძემ უამბო, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი, მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერს: „ბაქოში მამაჩემი დაუკავშირდა ქართველების დიდ ჯგუფს, რომლებიც ნავთობის წარმოების სისტემაში მუშაობდნენ. ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროს საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო“ (Русско-персидское нефтеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ და მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“.
ფირმა „რეპენტოს“ გარდა, აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია ხოშტარიას თურქულ-სპარსული ბანკი, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებდა მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან.
„1913 წელს კი მან 99-წლიანი კონტრაქტი დადო ირანის ჩრდილოეთის მიწათმფლობელებთან და დააარსა კომპანია „პერსლესი“, რომლის კაპიტალიც რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს შეადგენდა. ააშენა საკუთარი საამქროები, ელექტრონზე მომუშავე ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი – „თალრუდი“, რომელსაც ხის მორების გადასაზიდად იყენებდა. ეს იყო პირველი რკინიგზა ირანში, რითაც აკაკი ხოშტარიამ ირანის შაჰის კარზე წარმოუდგენელი გავლენა მოიპოვა
1914 წელს აკაკი ხოშტარიამ თეირანსა და ფეჰლევს შორის დააარსა სატრანსპორტო კომპანია. ის იყო პირველი, ვინც სპარსეთში შეიყვანა ავტომობილი „ფორდი“, რომელსაც ოქროს ფრთები `ამშვენებდა~ და ეს მანქანა საჩუქრად გადასცა ყმაწვილ აჰმად შაჰს“, - აღნიშნავს აღმოსავლეთმოცდნე.
რატომ შეუკვეთა ეგვიპტელ სპეციალისტებს თავისი მეუღლის ცხედრის მუმიფიცირება და ვის აუშენა აკაკი ხოშტარიამ ქართული ეკლესია თეირანში
აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე იმ ემოციას იხსენებს, როდესაც თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე უძველეს სასაფლაოზე ქართული საყდარი აღმოაჩინა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ინფარქტით გარდაცვლილ 43 წლის მეუღლეს აუშენა.
„თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს უძველესი ქრისტიანული სასაფლაო „დულაბი“, რომელიც დღეს რუსული ეკლესიის ტერიტორიას წარმოადგენს. საყდარი, რომელიც სიონის ტაძრის ზუსტ მაკეტს წარმოადგენს, 1924-1926 წლებით თარიღდება და ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მაშინ სასაფლაოს შესასვლელში აგებულმა პატარა საყდარმა მიიქცია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშად მომეჩვენა და ეს პირველი შთაბეჭდილება მოგვიანებით სრული სიმართლეც გამოდგა. თეთრი, თლილი ქვით აგებული პატარა საყდარი მაშინ ძალზე სავალალო მდგომარეობაში იყო – ნაგვითა და ღორღით სავსე, გვერდზე გადახრილიყო და შესასვლელში სპარსულად და ინგლისურად ეწერა: „სახიფათოა!“-
შიგნით 43 წლის მინადორა თურქია-ხოშტარია (1881-1924) განისვენებს. ცნობილია, რომ ეს პატარა სამლოცველო ქართული სასულიერო ტრადიციული ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. საყდარ-სამლოცველო მეუღლის საფლავზე, მისი სულის საოხად, აუგია მაშინდელი ქართული ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს – აკაკი ხოშტარიას“, - მოგვითხრობს აღმოსავლეთმცოდნე.
მისივე ცნობით, აკაკი ხოშტარიამ მომავალი მეუღლე, მინადორა თურქია ფოთში მსახურობისას გაიცნო.
„მინადორამ მთელი სიცოცხლის მანძილზე ღირსეული მეგობრობა გაუწია და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში. ის იყო დიდი მრეწველის, ფოთის სახალხო ბანკის მმართველის ქალიშვილი. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვისპირეთის ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებთანაც.
მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს თეირანში ინფარქტით გარდაიცვალა. მისი სხეული ეგვიპტელმა სპეციალისტებმა მუმიად აქციეს და დულაბის სასაფლაოზე სამლოცველოს აგებამდე და იქ დაკრძალვამდე კარგა ხანს ინახებოდა აკაკი ხოშტარიას კერძო მამულებში.
აკაკის და მინადორას შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა – მუსინკა, რომელიც პარიზში მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე გათხოვდა და ქალიშვილი – თამარი შეეძინა. ამჟამად თამარი მამასთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში.
თვითონ აკაკი ხოშტარიაც საფრანგეთში გარდაიცვალა 59 წლისა, სრულიად ბანალური მიზეზით.
სასტუმროში სადილობისას ღომის ქერქმა ყელი (სასულე) გაუკაწრა. დიაბეტით დაავადებულს შეშუპება დაეწყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პარიზში პერლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს.
აკაკი ხოშტარია იყო ფართო განათლების, იშვიათი შემწყნარებლური ბუნებისა და მოსიყვარულე, ლმობიერი გულის ადამიანი. ცდილობდა ყველასთვის გაეწია დახმარება და უშურველად ამოსდგომოდა მხარში ყველა სასიკეთო ინიციატივას. მის ცხოვრებაზე დაკვირვება
კი იმასაც ცხადყოფს, რომ მიუხედავად მისი საქმიანობის ვრცელი გეოგრაფიული არეალისა და
იმისა, რომ, ბედის უკუღმართობით, სამშობლოში ყოფნა იშვიათადღა უწევდა, აკაკი ხოშტარიას
მოღვაწეობის ძირითადი ინტერესი საქართველოსა და მის მომავალზე ზრუნვით იყო შეპირობებული“, - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას გიორგი ლობჟანიძემ.