შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროში, გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე თავის პირველ გამოსვლაში, მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობა დადო და განაცხადა, რომ ეს ათწლეული გადამწყვეტია მსოფლიოსთვის, რომელიც მომავალს განსაზღვრავს.
ბაიდენმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ ლიდერის როლს იბრუნებს საერთაშორისო საკითხებში და ასეთად მან კლიმატის ცვლილება, გლობალური ჯანმრთელობა და პანდემიის შედეგების შემსუბუქება დაასახელა.
გარდა ამისა, ავღანეთის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი დავასრულეთ და მაშინ, როდესაც დაუნდობელი ომის პერიოდს ვასრულებთ, დაუნდობელი დიპლომატიის ახალ ეპოქას ვიწყებთ. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები, ხალხის მიერ შექმნილი მთავრობა და ხალხისთვის მთავრობა მაინც საუკეთესო გზაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობას, BBC წერს, რომ ბაიდენის ეს გარანტიები ისმის მოკავშირეებთან დაძაბულობის ფონზე, ჯერ ავღანეთიდან შეერთებული შტატების გასვლის და შემდეგ, წყალქვეშა ნავების გარიგებასთან დაკავშირებით, საფრანგეთთან დიდი დიპლომატიური დავის გამო.
ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიისა და დიპლომატიისადმი მხარდაჭერა: „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, როგორც არასდროს”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ვირჩევთ თუ არა ბრძოლას ჩვენი საერთო მომავლისთვის, ეს აისახება მომავალ თაობებში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვდგავართ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე“, - დაამატა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს ახალი ცივი ომი.
„ჩვენ არ გვსურს ბლოკებად დაყოფილი მსოფლიო. აშშ მზად არის, ნებისმიერ სახელმწიფოსთან იმუშაოს, რომელიც მხარს უჭერს და ცდილობს, მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთო გამოწვევები, თუნდაც სხვა სფეროებში უთანხმოება გვქონდეს“, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჩინეთსა და აშშ-ს ახალი ცივი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან.
როგორც ცნობილია, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა.