თენგიზ ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, მოსახლეობა თავის თავს აპოკალიფსს უწყობს

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძის თქმით, მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყნას უწყობს საბოტაჟს.

„ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით - ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი, რითაც ყველანი შეშფოთებულები ვართ.

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი, თუ არ ვიცი, სხვა მოტივები აქვთ, ან არის ცალკეული ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყნას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი საკუთარი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში - ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ მათ, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამავე თემაზე:

ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია ნარჩუნდება

ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს.