ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 13 962-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 686 412 აცრა ჩატარდა. ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის კლების ტენდენცია გრძელდება, გუშინ 15 096 ადამიანი აიცრა, რაც დღევანდელთან შედარებით 1,134-ით მეტია.
ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს. ჯანდაცვის მინისტრის მოადილის თქმით, სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება, რომ გააქტიურდეს ქალაქების მოცვა.
ვაქცინაციის ტემპის შემციების მთავარი მიზეზი პანდემიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას მიიჩნევს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.
„ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია. ვაქცინაციის შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ.
ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
საქართველოში ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან. Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს, Sinovac-ით იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.