აღმოსავლეთ პარტნიორობა „დასავლეთის ნაკლებობა“ : ახალი შესაძლებობა ევროინტეგრაციისათვის - ამ სათაურით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და მისი მრჩეველი რამიუნას სტანიონისი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე 12-გვერდიან პუბლიკაციას აქვეყნებენ.
მიმოხილვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ესტონეთის პრეზიდენტის მოსაზრებებით და მასზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქციით იწყება, რაც მიმოხილვის ავტორების შეფასებით, კრემლის პროპაგანდისთვის ძალიან გასახარი ამბავია.
კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს
„პირადად ჩვენ, არ ვეთანხმებით ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის მკაცრ განცხადებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, პროგრესი უკრაინისა და სხვა ორი ქვეყნის, რომლებიც ასოცირებული ტრიოს (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) წევრები არიან, შესაძლებელია, იყოს ბევრად ამბიციური, დინამიკური და ეფექტური.
მაგრამ ამასთანავე ვთვლით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მეთაურის ასეთი კრიტიკული განცხადება არის ეფექტური გამოღვიძების ზარი ყველა ჩვენგანისთვის, ორივე მხარეს.
ერთი მხრივ, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ. მეორე მხრივ, ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები უახლოეს მომავალში უნდა გამოვიდნენ ბევრად უფრო ამბიციური დღის წესრიგით, რათა ევროკავშირში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ინტეგრაციის პროცესს ახალი იმპულსი მისცენ.
მიგვაჩნია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, 2030 წლამდე, ასოცირებულ ტრიოს შეუძლია, ევროკავშირში ინტეგრაციის რეალურ პროგრესს მიაღწიოს. მაგრამ ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მხარემ ახალი იდეებით უნდა გადადგას ნაბიჯები ამ პროცესის დასაჩქარებლად.
აშკარაა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გეოპოლიტიკურ უპირატესობას სწრაფად კარგავს. ის კარგავს უპირატესობას და არ აქვს დიდი პოლიტიკური სტიმული რეფორმების მხარდასაჭერად, ასოცირებული ტრიოს ყველაზე მოწინავე ქვეყნებშიც კი.
დასავლეთის ამგვარი არარსებობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელებას აფერხებს და ისინი შორდებიან ევროკავშირს.
დღეს ევროკავშირს, როგორც არასდროს შეუძლია, ეს მდგომარეობა შეცვალოს და აღმოსავლეთ სამეზობლოში გეოპოლიტიკა დააბრუნოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაცია, სულ მცირე ყველაზე ამბიციური მიზანია, ანუ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო (ასოცირებული ტრიო), ევროკავშირში არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ამოცანა, რადგან ის ეხება არამარტო ამ ქვეყნებს, არამედ მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკას აღმოსავლეთისადმი, ევროპის კონტინენტზე, მათ შორის მის პოლიტიკას რუსეთის მიმართ.
უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიერ ახლახან დაარსებული ასოცირებული ტრიო არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებს სურთ, უფრო ამბიციური ინტეგრაციის დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირისგან სათანადო რეაქციას მოითხოვს.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია? მათი დაჩქარებული ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დემოკრატიის, ეკონომიკური და სოციალური წარმატებების და ევროპული წესრიგის დამყარება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში.
ევროპის კონტინენტზე არ არსებობს არცერთი ისტორიული მაგალითი პოსტ ტოტალიტარული სახელმწიფოსი, რომელმაც, როგორც ევროკავშირის მეზობელმა შეძლო, დამოუკიდებლად გამხდარიყო წარმატებული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშე.
არჩევანი ნათელია - მხარი დაუჭირო ფუნქციონირებადი დემოკრატიისათვის აუცილებელ ევროინტეგრაციის რეფორმებს, ან მიატოვო ისინი და განაგრძო ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრება სულ უფრო და უფრო მეტი უკუსვლით.
უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებების ხელმოწერამ კარგი სტიმული მისცა ამ ქვეყნების წინსვლას, მაგრამ მთელი წინა ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობას შემდგომი ინტეგრაციისა და წევრობის პერსპექტივაში ოდნავადაც არ მოეფინა ნათელი და იწვევს მზარდ იმედგაცრუებას.
ამ ქვეყნების ზოგიერთი მინისტრი ხმამაღლა ამბობს, რომ მათ აღარ სურთ „დახურულ კარზე“ დაკაკუნება, რადგან ის მაინც არ გაიხსნება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის ძალისხმევით, სიტუაციის დესტაბილიზაცია კიდევ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ევროკავშირის ლიდერები ვერ ბედავენ იმავეს გამეორებას, რასაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ აკეთებენ, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კვლავ რჩებიან შემდგომი ინტეგრაციის შესახებ მკაფიო ნაბიჯების, მით უმეტეს, წევრობის პერსპექტივების გარეშე.
ასევე წაიკითხეთ: ანდრიუს კუბილიუსი: მოლდოვა ევროპის იმედია
ეს განსხვავება ევროკავშირის რიტორიკასა და პოლიტიკაში, ქმნის დამატებით გეოპოლიტიკურ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის, ვინაიდან კრემლში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ნაკლებად არის ერთგული ამ ქვეყნების მიმართ, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ.
კრემლის ახლანდელი აგრესიული პოლიტიკა (შიდა და საგარეო) უბიძგებს დასავლეთს, გადახედოს თავის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტად მტკიცდება, რომ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ინტეგრაციის წარმატებები რუსეთს საკუთარი თავის გარდაქმნაში საბოლოოდ დაეხმარება“, - აღნიშნულია წერილში.