„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია“, - ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში 28 სექტემბერს გააკეთა. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი.
„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - უპასუხა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც შეაფასეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პრეზიდენტის მისი პირადი მოსაზრებაა და შეიძლება, ის გულისხმობდა 2024 წელს.
„არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქემ და არა მოქალაქემ, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო საზოგადოებამაც. ეს არის მისი პირადი მოსაზრება, შეიძლება მისი სურვილიც არის. არ ვიცი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება. წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება მას მხედველობაში ჰქონდა, რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ამ პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შეიძლება, ამას გულისხმობდა. მე არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან. როცა დაბრუნდება, მექნება საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტთან კითხვა აქვს მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს. გიორგი ვოლსკის აზრით, კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არა აქვს.
„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს? სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, გავაანალიზებთ რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან", იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად იქცა. ასევე ნებისმიერ სხვა პარტიასთან... კარგი იქნებოდა, დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ? არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს“, - მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ სწორია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
„ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.
პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, კოალიციური მთავრობა საქართველოს სჭირდება და ეს უდავოა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალინ სწორი განცხადებაა.
„პრეზიდენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ბევრმა აკრიტიკოს პრეზიდენტი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან სწორი განცხადება. ეს იყო ევროპული გზა, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტის სათაურადაც ვიყენებთ. ეს რომ ქვეყანას სჭირდება, უდავოა, ჩვენ გვჭირდება კოალიციური მმართველობა.
საქართველო ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, ჩვენ 30 წლის წინ თავისუფლებისთვის სისხლი გავიღეთ და ამას ყველაზე მეტად აფასებენ დემოკრატიულ სამყაროში. როდესაც შენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, ეს ნიშნავს, რომ იბრძვი ტრადიციებისათვის, წინაპრებისთვის, განვითარებისთვის, შენ არა ხარ მონა, რაც არ უნდა პატარა ერი იყო მზარდ ხარ წინააღმდეგობა გაუწიო ისეთ მონსტრს, როგორიც არის რუსეთი. ამას დემოკრატიული და თავისუფალი სამყარო ძალიან აფასებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან.
მერობის კანდიდატ ანა დოლიძისთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას.
„ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მან დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგენელის ფუნქციას.
„მისასალმებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ მოამზადოს ჩვენი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა კოალიციური მმართველობის იდეისათვის. როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა. რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაც პრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
კოალიციური მთავრობის თემას ოპოზიციის ლიდერები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც შეეხნენ.
„დროას“ ლიდერის თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა და ერთპარტიული მმართველობა არავის უნდა. „2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პოზიცია დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციის თავდაპირველი შეთანხმება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება, თუმცა, „რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად”.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოშიც განაცხადა ქართულ მედიასთან ინტერვიუში, რომ კოალიციური მთავრობა: „ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად“.