თბილისის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს

თბილისის მერობის კანდიდატებმა, რომლებიც გამოკითხვების თანახმად, პირველ სამ პოზიციას ინაწილებენ, არჩევანი გააკეთეს. კახა კალაძემ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, განაცხადა, რომ ხმა მისცა აღმშენებლობას და ამის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

„მე ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა კახა კალაძემ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს ჩვენი მეშვეობით, ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ხმის მიცემისას.

„ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ - არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ყველა ნაბიჯზე ტყუის და მხოლოდ იმ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს ჩვენი მეშვეობით, ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ქვეყნის განვითარებაში", -განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე წაიკითხეთ: Edison Research-ი: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, მოსახლეობის 43% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 30% - ნიკა მელიას, 12% - გიორგი გახარიას

თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგი მორიგ კვლევაში განისაზღვრა

„არავინ მოგატყუოთ, ეს არაა მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია“, - განაცხადა საარჩევნო უბანზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმიტომ, რომ არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები. ყველამ ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნილმა მმართველობამ“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.

ანდრიუს კუბილიუსი: თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს