ირაკლი კობახიძე: მიაყენა თუ არა ალეკო ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი, ეს უნდა დადგინდეს

„გამოძიებამ განსაკუთრებით უნდა გამოიძიოს კონკრეტული ორი შემთხვევა, სადაც სავარაუდო საუბრის თანამონაწილეები ორივე მხრიდან დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლები არიან“, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გავრცელებულ ინფორმაციებს შორის, რომელიც იყო გავრცელებული ოპოზიციური არხების მხრიდან, იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. ეს იყო თანაშემწე, მეორე USAID - ის წარმომადგენელი და ა.შ. ორი იყო ასეთი სავარაუდო საუბარი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული.

აქედან გამომდინარე, შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს - ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ, ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, აქედან გამომდინარე გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ალეკო ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს ეს უნდა დადგინდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

„გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ადამიანს არც ერთ ეტაპზე მსგავს საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, არც სამსახურებრივად ეხებოდა. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს არის მორიგი ტალახის სროლა, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ამ საკითხზე პირველივე დღეს, როცა გამოძიების დაწყებიდან 24 საათიც არ იყო გასული, სხვადასხვა გვარებს აჟღერებდნენ უღირსი პოლიტიკოსები თავისი უთავმოყვარეო განცხადებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის დასმა აბსოლუტურად ალოგიკურია, მას ერთი დღეც კი არ ჰქონია შეხება ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურთან, რომელიც ზოგადად მოსმენების მიმართულებით მუშაობს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ამავე თემაზე:

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ჩანაწერებზე: პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება

ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს

ირაკლი ღარიბაშვილი: დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი