როგორ აისახება საქართველოზე ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა და რა შედეგები მოჰყვება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტს

აზერბაიჯანის საზღვართან ირანის უპრეცენდენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მდებარე ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვებისთვის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანმა აზერბაიჯანს ოფიციალურად აცნობა.

აღნიშნულ საჰაერო მარშრუტს აზერბაიჯანული თვითმფრინავები ნახიჩევანთან კავშირისთვის იყენებდნენ.

როგორც რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, ყველაზე ხშირად და მოკლე დროში ამ გზითაა შესაძლებელი ნახიჩევანის კავშირი დანარჩენ აზერბაიჯანთან.

ბატიაშვილის ცნობით, საპასუხოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში მდებარე ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენლობის ოფისი და ირანული მეჩეთი "ჰუსეინია" დახურა, თუმცა, დახურვის ოფიციალურ მიზეზად კოვიდპანდემია დასახელდა.

"პარალელურად, ანკარამ ბაქოსადმი სოლიდარობის ნიშნად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით დამატებითი სამხედრო ნაწილები გადაისროლა აზერბაიჯანში და დაიწყო ერთობლივი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები. ირანი არაა ის ქვეყანა, რომ ეს ამბავი ადვილად გაატაროს. ასე, რომ ველით პასუხის პასუხს თეირანის მხრიდან.

მართალია ოფიციალურ მოსკოვს ირან-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მაგრამ ბოლო 3 დღის განმავლობაში სამხედრო-სატვირთო თვითფრინავები (IL-76-ებით) ინტენსიურად მოძრაობს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით.ცხადია, რომ მათ დამატებითი რუსული ტექნიკა და/ან ცოცხალი ძალა გადაჰყავთ აქეთ. ვნახოთ რა შედეგებით დაბრუნდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან.ახლა მთავარი კითხვაა: რამდენად შესაძლებელია რუსეთ-ირან-სომხეთის ალიანსის შეკვრა აზერბაიჯან-თურქეთ-ისრაელის კოალიციის წინააღმდეგ და სად იქნება საქართველოს ადგილი ამ შემთხვევაში?", - აღნიშნავს რონდელის ფონდის ანალიტიკოსი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამთავრობო წრეებში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან დაპირისპირება სომხეთის დაკვეთით მოხდა.

„ირანის მორიგი მცდელობა, დაარტყას აზერბაიჯანს, არ იმოქმედებს ნახიჩევანში სამხედრო ნაწილების მომარაგებაზე. აზერბაიჯანი ამ მარშრუტს ძალიან მცირე დოზით იყენებს და სხვა მარშრუტებზე ტრანსპორტირებას ამჯობინებს“, – აცხადებს აზერბაიჯანის სამთავრობო წყარო აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ირანმა აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნებს დაიწყო. საპასუხოდ კი, ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქში აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „ურყევი ძმობა“ მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის ყოფნას მის საზღვრებთან და საჭირო ზომებს მიიღებს.

„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმი ეხმარება და მხარს უჭერს გარკვეულ რეგიონულ ქვეყნებს, რათა შეიქმნას უთანხმოება და განხეთქილება მუსულმანურ ერებს შორის“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა მოჰამად პაკპურიმ

როგორც რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, საყურადღებოა, რომ ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანში გადასროლის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი სასწრაფო წესით მოსკოვში გაფრინდა. ახლა მთავარი კითხვაა, რას მოიმოქმედებს მოსკოვი ასეთ დაძაბულ სიტუაციაში კავკასიაში?

ირანმა აღნიშნულ სამხედრო წვრთნებს "ხაიბარის დამპყრობლები" უწოდა, ხაიბარი ქალაქია საუდის არაბეთში, სადაც 628 წელს მუჰამედმა ებრაელები დაამარცხა და იგი მუსლიმების მიერ ებრაელებზე გამარჯვების სიმბოლოდ განიხილება. საგულისხმოა, რომ თეირანი ბაქოს სწორედ ისრაელთან მოკავშირეობაში და ირანის წინააღმდეგ ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს.რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ირანთან დაპირისპირებაში მარტო არაა. მას აქტიურად უჭერს მხარს მოძმე თურქეთი. ირანის საზღვართან გააქტიურდნენ თურქული დრონები. ასევე ანკარამ დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაგზავნა ირანის მიმართულებით, სადაც ტარდება თურქული სამხედრო წვრთნები. ირან-თურქეთის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები იწმინდება ნაღმებისგანაც. იმედია, საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მივა. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენს სამხრეთში ცხელი შემოდგომა დადგა. ამ ამბებს აუცილებლად ექნება თავისი გაგრძელება, თავად ეს ბოლო დაძაბულობა კი ყარაბაღის მეორე ომის გაგრძელებაა", - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალი ხვალ დასრულდება.

ფოტოზე: თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მოძრაობის ტრაექტორია დღეს კავკასიის მიმართულებით. ფოტოს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აქვეყნებს

ზურაბ ბატიაშვილი: რაც კავკასიაში ხდება, შეგვიძლია დავარქვათ რუსეთის კავკასიაში დაბრუნების გეგმა

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი