"3+3 ფორმატში მონაწილეობას საქართველო ვერ შეძლებს, რადგან ამ ფორმატში ჩართულია რუსეთი", - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად მოწადინებულია და ყველაფერს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობის ხელშესაწყობად.
"ბოლო პერიოდში ვხედავთ საქართველოს აქტიურობას რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება 3+3 ფორმატს ჩვენ პოზიცია არაერთხელ გავაჟღერეთ. საქართველო ვერ შეძლებს იმ ფორმატებში თანამშრომლობას, სადაც ჩართულია ოკუპანტი ქვეყანა. თუმცა სხვა პროექტებში და სხვა ინიციატივებში, რომლის მიზანიც იქნება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება, სად შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუმცა რუსეთთან ერთად საქართველო ვერ იქნება, გარდა უკვე არსებული ფორმატებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სხვა ფორმატებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი განაცხადა, რომ საქართველოს 3+3 ფორმატში რუსეთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება, თუმცა ქვეყანა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში.
25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. თუმცა ბოლო კვირების განმაბლობაში ირანს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობები საგრძნობლად დაეძაბა.
აღსანიშნავია რომ 3+3 ფორმატის ალიანსის შექმნის ინიციატივა პირველად თურქეთმა გააჟღერა 2020 წლის დეკემბერში.
კავკასიის რეგიონში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა.
ამ საკითხზე Europetime ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
"ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ, ირანს სურვილი აქვს , უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის გარშემო. „თუმცა აქ არაერთი პრობლემაა. 3+3-ის კავშირის ფორმულასთან დაკავშირებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
დიპლომატიური ურთიერთობა ასევ არ აქვს სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ კუთხით ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანი შედარებით ნაკლებად არის ჩართული კავკასიის ამბებში, განსხვავებით რუსეთისგან.
ამიტომ, ახლა ირანი ცდილობს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. თუმცა ეკონომიკური კავშირის კუთხითაც სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული”, - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა 2021 წლის იანვარში Europetime-თან საუბარში.
ანალიტიკოსის შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, ირანმა ეკონომიკური თვალსაზრისით ითანამშრომლოს კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, როდესაც სანქციების მიხედვით, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. რეალურად, სანქციები ირანთან ვაჭრების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემატური საკითხია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რეალურად მოგვარდეს, თუ ირან-ამერიკის ურთიერთობები მოგვარდება.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ 6 ქვეყნის კავშირის 3+3-ს შექმნა, უფრო ირანის სურვილების დონეზეა და რეალურად ირანს არაფერი გამოუვა. რაც შეეხება თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს, არ მგონია, თავად ვიზიტის ფაქტმა ამერიკული მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სანქციები ასეთ ვიზიტებს არ შეეხება. შეხვედრები და საუბარი ყველა მეზობელთან საჭიროა, იმიტომ რომ, შენს რეგიონში მდებარეობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი 2021 წლის იავარში ჩაწერილ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან 4 ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები იმართება.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს.