საქართველოს პრეზიდენტი თბილისში ვიზიტით მყოფ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ადმირალ ბაუერთან, NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობა განიხილა.
შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და NATO-ს პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაუსვეს ვიზიტის მნიშვნელობას.
სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ვიზიტს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-სთან დაახლოების მიმართულებით აშკარა პროგრესი აქვს, რომლითაც ქვეყანას შეუძლია, იამაყოს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის მიუხედავად, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი ის თემებია, რაზეც ქართველი ხალხი ერთსულოვანია.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთის მისიაში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ძალზედ დასაფასებელია, რომ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს მიმართ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მუდმივი მხარდაჭერის გამო, რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებშიც გამოიხატება.
ამავე თემაზე
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოსთნ პარტნიორობა დროთა განმავლობაში ძლიერდება
NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეთაური: NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ