დმიტრო კულება: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ საზღვარგარეთ

„უკრაინა სწავლობს საქმის იურიდიულ მხარეს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრომ კულებამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში საზღვარგარეთ. ამიტომ, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რა გზით შეიძლება წავიდეთ, ამის შესახებ ჩვენ გაცნობებთ. ეს შეიძლება, არ იყოს მხოლოდ ექსტრადირება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მუდმივ კონტაქტზეა მიხეილ სააკაშვილთან.

„ადვოკატებს აქვთ მასთან კონტაქტი, კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა, ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვესაუბრეთ მას, ვიცით მისი პოზიცია და ადვოკატების პოზიცია“, - დაამატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ამავე თემაზე:

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს

მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის: მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას