ლაშა დარსალია: ჟენევის დისკუსიების 54-ე რაუნდზეც, დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობისას, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა

ჟენევის მოლაპარაკებების როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობის დროს, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დასრულება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლაშა დარსალის თქმით, ჰუმანიტარული საკითხების უსაფრთხოების საკითხებთან მიბმის მცდელობაა.

„თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების პრინციპულმა, კონსტრუქციულმა მიდგომებმა შესაძლებელია, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თანდათანობთ მოხდეს ამ ორი საკითხის გამიჯვნა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, უსაფრთხოების საკითხებისთვის მათი მიბმის გარეშე“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება კითხვას ე.წ. გადასასვლელების და თავისუფალი მიმოსვლის თემაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართველები უნდა ჩამოყალიბდნენ, სად შეიძლება მათთვის სიარული და სად არა, მინისტრის მოადგილე ამას თემის პოლიტიზების მაგალითად მიიჩნევს.

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ხდება თემის პოლიტიზება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება ზეწოლისთვის. როდესაც პირობა დგება, რა შემთხვევაში გაუმჯობესდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. კონკრეტულად თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოხდეს თემების განცალკევება და თავისუფალ გადაადგილებაზე ვისაუბროთ, როგორც ჰუმანიტარულ თემაზე და არა პოლიტიკურ თემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომებით არის შესაძლებელი ამ საკითხების გადაჭრა“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღესვე რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ინიციატივით გამოდის, „დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“. „ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა„ საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე“.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.