ოსტინის ევროპული ტურნე: ბაიდენის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯეი ოსტინმა ევროპული ტურნე ბელგიაში ვიზიტით დაასრულა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბოლო გაჩერება ბრიუსელი იყო, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის სტუმრობდა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს.

Europetime-მა უფრო დეტალური ინფორმაცია ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნეს შესახებ სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის NATO-ს და თავდაცვის დეპარტამენტის ცნობებზე დაყრდნობით შეკრიბა.

ალიანსის ცნობით, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპიძლა, მადლობა გადაუხადა მისი ლიდერობისთვის და შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულების გამო NATO-სადმი.

ამასთან, განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ალიანსის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ბრიუსელში ლოიდ ოსტინის ვიზიტი თავდაცვის დეპარტამენტმა შეაჯამა

„თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მინისტერიალზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა NATO-ს სამხედრო ადაპტაციის კუთხით პროგრესს და იმის უზრუნველყოფას, რომ ალიანსი მზადაა, მომავალში უპასუხოს გამოწვევებს.

მან დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება NATO-ს მიმართ და ხაზი გაუსვა მის როლს, როგორც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ამ ვიზიტმა დაასრულა მდივან ოსტინის რეგიონული მოგზაურობა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მას, განეხილა უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია და ევროპაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველი“, - აღნიშნავს თავდაცვის დეპარტამენტი.

NATO-ს 11 მოკავშირის თავდაცვის მინისტრებმა, მათ შორის ლოიდ ოსტინმა სამი მრავალეროვნული მაღალი ხილვადობის პროექტი (CBRN) (ქბრბ) უსაფრთხოების აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად წამოიწყეს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა.

CBRN თავდაცვის ობიექტების ქსელის პროექტის ცხრა მონაწილე იმუშავებს ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გაიზიარონ და გამოიყენონ ეროვნული CBRN თავდაცვითი საშუალებები, როგორიცაა, სასწავლო ადგილები და ბიოლოგიური ლაბორატორიები, რათა გაიზიარონ ერთმანეთის შესაძლებლობები. ეს შეთანხმება გააუმჯობესებს მონაწილეთა მზადყოფნას მომავალი CBRN გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მონაწილე მოკავშირეები არიან ბელგია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.

მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს რეაგირება რუსეთის სარაკეტო სისტემების მზარდი საფრთხეების მიმართ. მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ავღანეთში NATO-ს ჩართულობის დროს მიღებულ გაკვეთილებზე და ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწევების შენარჩუნების შესახებ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა შავ ზღვაში, რადგანაც შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს NATO-სთვის. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, საქართველო და უკრაინა, ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და რუსეთის აგრესიული ქცევა შავ ზღვაში.

ასე რომ, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა რეგიონში, ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე და მუდმივად ვაფასებთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ნაწილობრივ ყოფნის გაზრდით, მაგრამ ასევე, საჭიროების შემთხვევაში ძალების სწრაფად განლაგების შესაძლებლობის გაზრდით. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი მზადყოფნა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიზიტი რუმინეთში

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მდივანმა ლოიდ ჯეი ოსტინმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და თავდავის მინისტრ ნიკოლაე ჩიუკასთან შეხვედრაზე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება აშშ-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ და აღიარა რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით.

„ლიდერებმა აღნიშნეს 10 წლის იუბილე როგორც ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციის, ისე ორმხრივი ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის შესახებ შეთანხმების".

ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

მდივანმა ასევე განიხილა რუსეთის მავნე ქმედება შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვის რეგიონულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალი გამოწვევები. მინისტრმა ჩიუკამ და მდივანმა ოსტინმა ვრცლად ისაუბრეს თავდაცვის მოდერნიზაციის შესახებ. ისინი შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი 10-წლიანი საგზაო რუკის განხორციელება ამ მიზნის მისაღწევად მთავარია.

მდივანმა რუმინეთში ვიზიტი დაასრულა შავი ზღვის სანაპიროს მახლობლად მდებარე მიხაილ კოგალნიცეანუს საჰაერო ბაზაზე განლაგებულ აშშ-ის როტაციულ ძალებთან შეხვედრით. მან მადლობა გადაუხადა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს თავდადებისთვის და ჩვენს რუმინელ მოკავშირეებთან მუშაობისთვის, რათა დაეხმარონ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

ვიზიტი უკრაინაში

თავდაცვის მდივან ლოიდ ჯეი ოსტინის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მდივან ანდრი ტარანთან, ლიდერებმა დაადასტურეს აშშ-უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის პარტნიორობის სიძლიერე და მდივანი უკრაინას დაჰპირდა აშშ-ის მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები რუსეთის მხრიდან, აღმოსავლეთ უკრაინასა და ოკუპირებულ ყირიმში, ისევე როგორც ჩინეთის მავნე გავლენა რეგიონში.

„მდივანმა ოსტინმა დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალებს მათ შორის უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერების მცდელობების ჩათვლით და წაახალისა გაღრმავებული რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

მდივანმა ოსტინმა მოუწოდა უკრაინას, შეინარჩუნოს პროგრესი თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმებში, რათა წინ წაწიოს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მინისტრმა ტარანმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ს, მხარდაჭერისა და უკრაინის თავდაცვის რეფორმის დღის წესრიგისადმი ერთგულებისთვის.

მდივანმა ოსტინმა და მინისტრმა ტარანმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახლახან ხელმოწერილი, აშშ-უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო, რომელიც ასახავს ორმხრივ პრიორიტეტებს და აძლიერებს სტრატეგიულ თავდაცვის პარტნიორობას“.

ვიზიტი საქართველოში

აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობით დაასრულა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ ინიციატივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლას შეუწყობს ხელს.

"ეს მემორანდუმი აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში.

გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ასევე წაიკითხეთ: პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა

ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთს შეახსენა, რომ აშშ გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს.

"სიმბოლურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სწორედ NATO-ს უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოებში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ალიანსის წევრ, რუმინეთში ვიზიტი გადაწყვიტა", - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი სიგნალი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ის ფოკუსირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე.

"გასათვალისწინებელია, რომ რუმინეთი ამერიკული ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების თვალსაზრისით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ვიმედოვნებ, მდივანი ოსტინი ასევე ეწვევა NATO-ს წევრ თურქეთს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი კი Europetime-თან აცხადებს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშკარა სიგნალია იმისა, რომ აშშ საქართველოს, მომავალში, NATO-ს წევრობის გზაზე მყოფ სახელმწიფოდ განიხილავს.

გობლი სრულიად იზიარებს თავდაცვის მდივნის მოსაზრებას, რომ მოსკოვი უბრალოდ ცდილობს, გამოიყენოს სიტუაცია ახალი მოქმდების ადგილის შესაქმნელად, სადაც მას შეუძლია, სცადოს სხვებზე წეზოლის მოხდენა, ვიდრე შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

შეგახსენებთ, ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა.

პირველად დონალდ რამსფელდი, 41-ე პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.