იენს სტოლტენბერგი: ჯერ ნაადრევია კომენტარის გაკეთება ერდოღანის განცხადებაზე

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯერ ნაადრევია კომენტარის გაკეთება თურქეთის გადაწყვეტილებაზე, გამოაცხადოს 10 ქვეყნის ელჩები „პერსონა ნონ გრატად“.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინსტოსთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსისთვის უცნობია, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მოვლენების ამგვარ განვითარებას.

შეგახსენებთ, ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა,10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს.