Euronews: ევროპაში გაზი გაიაფდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ევროპის გაზის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპის გაზის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ გაცემული განკარგულების შემდეგ, ევროპაში გაზი გაიაფდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს.

პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში.

„გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცივი ზამთრის მოლოდინში ევროპაში გაზის მიწოდებაზე მოთხოვნის გაზრდამ, "გაზპრომისგან" კი გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების პროცესის შეფერხებამ, ევროპაში გაზზე ფასების ზრდა გამოიწია.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაშიც დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას.

"ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უარყო ევროკავშირის ლიდერების ბრალდება, რომ კრემლი თავის ენერგობერკეტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას.

რუსეთმა ენერგოკრიზისი შექმნა მოლდოვაშიც. რის გამოც მოლდოვა იძულებული გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

27 ოქტომბერს Financial Times-მა გამოაქვეყნა სატია და სადაც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს რომ „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა.

Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს.

„გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს.

ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას.

მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ.

ჟოზეფ ბორელი: „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს

„გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს

ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს