„გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა.
Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს.
კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. კრემლი ხელშეკრულების განახლებას განზრახ აჭიანურებს, რის გამოც, ქვეყანა ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა. გაზის კრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 ოქტომბერს კი პოლონოეთთან დრობეითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მოლდოვა გაზსს პოლონეთისგან მიიღებს, სანამ "გაზპრომთან" "პოლიტიკურ ვაჭრობას" დაასრულებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, "გაზპრომს" ასევე სურდა მოლდოვას ევროკავშირის წესების იმპლემენტაცია გადაედო, რომელიც გაზის ბაზრების ლიბერალიზაციას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას მოითხოვს.
რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც მოლდოვის არჩევნებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე პარტიამ გაიმარჯვა.
„გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს.
ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას.
კრემლის მაღალჩინოსანმა დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებში მოსკოვის წარმომადგენელია, გასულ კვირას მოლდოვის ფიციალურ პირებს შეხვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა რადგან გაზის ფასზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს.
ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში მოლდოვის ოფიციალური პირები "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდებიან.
ევროკავშირის დიპლომატებმა მოუწოდეს მოლდოვას რუსულ კომპანიასთან ხელი არ მოაწეროს ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას. სანაცვლოდ, მოიძიოს მოკლევადიანი გამოსავალი, ზამთრისთვის.
ქვეყანამ დრობითი გამოსავალი მართლაც იპოვა და 26 ოქტომბერს პოლონეთთან ხელშეკრულება გააფორმა გაზის მიწოდების თაობაზე.
გაზის კრიზისის გამო, პროდასავლურ მთავრობას ქვეყანაში შიდა დაძაბულობის და არეულობის საფრთხეც ემუქრება.
აღსანიშნავია რომ ევროპაში, გაზის ფასების მატების გამო, მოსალოდნელ კრიზისზე ევროკავშირის ლიდერებიც საუბრობენ.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაშიც დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას.
"ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უარყო ევროკავშირის ლიდერების ბრალდება, რომ კრემლი თავის ენერგობერკეტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას.
ანდრიუს კუბილიუსი: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული რეფორმები უნდა დააჩქარონ