ენერგოექსპერტი: მაშინ როცა, გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება, კაშხლიანი ჰესების მშენებლობა უნდა შემცირდეს

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება.

როგორც Europetime-თან საუბარში ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილი აღნიშნავს, შესაბამის კვლევას საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum” აქვეყნებს, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორია.

"მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ასიათასობით ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.

დიდი ოცეულის ქვეყნებმა 30-31 ოქტომბრის სამიტზე ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად, ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად 100 მილიარდი ევრო გამოყონ", - აღნიშნავს გიორგი ჭარიაშვილი.

ენერგოუსაფრთხოების საკითხი აქტუალურ თემას საქართველოში დიდი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობასაც ეხმაურება კლიმატური ცვლილებების კონტექსტში და აცხადებს რომ დიდი წყალსაცავიანი ჰესები მწვანე ენერგეტიკად არ მოიაზრება და ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს კლიმატურ ცვლილებებზე.

მისი თქმით, იმ ფონზე როდესაც მთელი მსოფლიო კლიმატური ცვლილებების მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად ერთიანდება, საქართველოში ასეთი ჰესების მშენებლობა, ალტერნატიული ენერგო პროექტებით უნდა ჩანაცვლდეს.

"21-ე საუკუნის დასაწყისიდან, კლიმატის გლობალური ცვლილების შერბილებისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების კვალდაკვალ, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სათბური გაზების გაფრქვევა წყალსაცავებიდან. მიმდინარე საკითხი ძირითადად ეხება წყალსაცავებიდან სათბური გაზების გაფრქვევის მოცულობას და მათ გავლენას კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობაზე. ეს თემა ასევე აქტუალური ხდება საქართველოში განსახორციელებელი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გარშემო მიმდინარე ხმაურიანი დებატების ფონზე. და მაინც? არის თუ არა დიდი ჰიდროენერგეტიკა მწვანე ენერგეტიკა?

წყალსაცავებიდან სათბური გაზების გაფრქვევის წყარო არის ბიომასის ხრწნა. ეს ბიომასა წარმოიქმნება შემდეგი გზით:1. ბიომასა რომელიც იტბორება წყალსაცავის გავსებისას – ეს შეიძლება იყოს ტყეები;2. ბიომასის უწყვეტი შემოდინება წყალშემკრები ფართობებიდან – მდინარეების მიერმოტანილი ნაშალი (ხეები და სხვა მცენარეები);3. ახალი ბიომასა რაც წარმოიქმნება წყალსაცავში – წყალმცენარეები, ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი და სხვა.

სათბური გაზების ყველაზე დიდი რაოდენობით გაფრქვევა ხორციელდება წყალსაცავის გავსებიდან პირველი 10–15 წლის განმავლობაში, შემდეგ ეს მაჩვენებელი მცირდება ან უმნიშვნელო დონეს აღწევს.

ამიტომ კაშხლიან-წყალსაცავიანი ჰიდროელექტრო სადგურები, ზოგადად მწვანე ენერგეტიკის კლასიფიკაციიდან უნდა ამოვიღოთ. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ გაეროს მიერ 2012 წლის შემდეგ ჰიდროელექტრო სადგურები „კარბონ კრედიტებით“ ვეღარ სარგებლობენ (სათბური ემისიების შემცირების კონპენსაცია ორგანიზაციებს) რაც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ“, – განმარტავს Europetime-თან საუბარში გიორგი ჭაღიაშვილი.

დიდი 20-ეულის გადაწყვეტილებით G-20-ის ქვეყნები, წლიურად 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას მოახდენენ იმისთვის, რომ ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ. დიდი 20-ეულის ორ დღიანი სამიტი 31 ოქტომბერს დასრულდა. დღეს კი გლაზგოში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.

მიუხედავად გარემოზე გარკვეული ზემოქმედებისა, კაშხლიანი ჰესების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტების ნაწილი, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ქვეყანა ელექტრომომარაგების კუთხით რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული.

როგორც Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუცხადა, 2021 წელს, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა. მიმდინარე წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, 2020 წელთან შედარებით 171%-ით არის გაზრდილი.

"მხოლოდ 2021 წელს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის იმპორტი 171%-ით, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მანამდე მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო", - აღნიშნავს ირაკლი ერაძე და დასძენს რომ "ნამახვანჰესის" მსგავსი კაშხლიანი ჰესები საქართველოში აუცილებლად უნდა აშენდეს.

Europetim-თან საუბარში ენერგეტიკის ექსპერტი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი პაატა ცინცაძე აცხადებს, ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი.

"ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე. წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდზე მეტ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა", - განუცხადა Europetime-ს ენერგეტიკის ექსპერტმა.

ენერგოუსაფრთხოების პეციალისტი გიორგი ჭაღიაშვილის თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები.

„რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.

ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა, ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშეს გახდის