COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება აბების სახით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში. თენგიზ ცერცვაძე, აცხადებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს.
„ველოდებით უახლეს მედიკამენტებს - „მერკის“ მიერ შექმნილ „მოლნუპირავირს“ და „ფაიზერის“ მიერ შექმნილ ტაბლეტირებულ მედიკამენტს, რომლებიც პრევენციული მიზნებით იქნება გამოყენებული. როგორც კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, ის შეიძლება დიაგნოზის დასმისთანავე მისცე ყველა კოვიდავადმყოფს და ისინი აღარ დამძიმდებიან. ველოდებით, რომ ეს მედიკამენტები FDA-ის რეკომენდაციას დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. საქართველომ წინმსწრებად გაატარა ყველა ღონისძიება. სამინისტრო მუდმივ კონტაქტშია ამ ორ კომპანიასთან და არის მყარი შეპირება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
„ეს მედიკამენტები, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს მიღებას, ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, 50%-დან 90%-მდე ამცირებს მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკს“, - განაცხადა ცერცვაძემ „იმედთან“.
შეგახსენებთ, საქართველო ამ დროისთვის კორონავირუსის სამკურნალოდ გერმანიის და აშშ-ის მიერ მოწოდებული პრეპარატების გამოყენებას იწყებს. საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე.
გერმანიის მიერ მოწოდებული „რონაპრევი“, რომელიც ორი ანტისხეულის კასირივიმავი/იმდევიმაბის კომბინაციით შექმნილი პრეპარატია შედარებით მძიმე პაციენტებისთვის.
აშშ-ის მიერ მოწოდებული, Eli Lilly'ს მიერ წარმოებული - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი, რომელსაც FDA-მ სექტემბერში მიანიჭა ავტორიზაცია, შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის გამოიყენება.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველია, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ 4 ნოემბერს დაამტკიცა.
ამასთან, Pfizer-ის ცნობით, მათი აბები („პაქსლოვიდი“) კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს.