ანდრიუს კუბილიუსი: სააკაშვილის პატიმრობა ყველასთვის ცუდია, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ყველაზე მეტად - ქართველი ხალხის ევროპული ოცნებისთვის

Europetime-თან, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა უნდა დაუშვას.

ამასთან, ანდრიუს კუბილიუსი ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს, რაც მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მძიმედ მოქმედებს.

„ბატონი სააკაშვილის ყოფნა საპატიმროში, ყველასთვის ცუდია, მათ შორის მმართველი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ყველაზე მეტად - ქართველი ხალხის ევროპული ოცნებისთვის. მე ვიტყოდი, რომ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ეს ოცნება და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი, ეროვნული პოლიტიკური განხეთქილების შედეგად ნადგურდება. საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც ბევრი გყავთ ევროპასა და აშშ-ში, ამის ყურება მტკივნეულია.

ჯერ კიდევ არის გამოსავალი, რომლის გზაც დიალოგსა და დისკუსიაზე გადის. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ხალხის მიერ მათთვის მიცემული პროევროპული მანდატი. ოპოზიციამ ასევე ღრმად უნდა გადახედოს თავის პოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიას. ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს, საქართველოს შენარჩუნება ევროპულ გზაზე, რადგან ეს წარმატებული, აყვავებული, სტაბილური საქართველოს განვითარების ერთადერთი გზაა. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, ახლა ქართველი ხალხის ევროპული მომავლის საკითხი დგება“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე იმართება

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკია