BioNTech-ის ხელმძღბანელები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინა პირველებმა შექმნეს, აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ვერსია მზად იქნება. ამასთან, 2022 წელს მალარიისა და ტუბერკულოზის ვაქცინაზე კლინიკური კვლევები დაიწყება.
„ჩვენ წინ წავალთ ასევე „აივ ვაქცინის პროგრამის" მიმართულებით“, - აცხადებს უგურ შაჰინი.
გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში, უგურ შაჰინმა და ოზლემ ტურეჩმა კიბოს ვაქცინების კვლევასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლინიკურ ცდაშია კიბოს საწინააღმდეგო 15 ვაქცინა, ყველაზე მოწინავე კი მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინაა.
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ ზოგიერთი მათგანის ბაზარზე გამოტანას და სხვა ახალი ვაქცინების გამოტანას კლინიკური განვითარების მოწინავე ეტაპზე. mRna საშუალებას გვაძლევს, განვაახლოთ იმუნური სისტემა არამხოლოდ მისი სტიმულირებისთვის, არამედ დასამშვიდებლადაც: და ეს საუკეთესო გზა იქნება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, - აცხადებენ სპეციალისტები.
რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.
ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია, გამოიწვიოს კოვიდინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.