პაატა ბურჭულაძე შიმშილობას დაიწყებს

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას გამოაცხადებს.

ბურჭულაძის თქმით, საქართველოში ხვალ ჩამოვა და ქვეყნის გვერდით დადგება.

„მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება, რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს. თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი!

ხელოვანებო, ჩემო კოლეგებო, მწერლებო, მხატვრებო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ შემომიერთდით, თავისუფლება და მოყვასის სიყვარული ის მთავარი ფასეულობებია, რაც ოდითგან გვაერთიანებდა ყოველ ჩვენგანს! ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი!", - წერს Facebook-ზე პაატა ბურჭულაძე.

ამ დროისთვის, ანალოგიური მოთხოვნით, 12 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობს. ელენე ხოშტარიას გარდა, შიმშილობა დღეს გამოაცხადა პარლამენტის 9 წევრმა, მოგვიანებით მათ გიორგი ბარამიძეც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა იმედა კლდიაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ასევე შიმშილობა დაიწყო.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.