ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება

ამერიკის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში. როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ენდობა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს და მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს, როგორც ამას რეკომენდაციები ცხადყოფს.

„ჩვენ ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი. მას უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა.

ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფს მედიკოსებისა. მათი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ესაჭიროება მაღალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი მდგომარეობა გამოსწორდეს.

შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამის დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა. ამ საკითხის მიმართ ჩვენი საელჩოს მხრიდან დიდია ყურადღება, ასევე - ვაშინგტონში. ამასთან, საქართველოს მეგობრები, მათ შორის იან კელიც, ამაზე საუბრობენ, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და მთავარობამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა. 18 ნოემბერს, საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია.

პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“.

დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა.

მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყრას და გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები

ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება

უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს