„ალტ ინფომ“ პარტია დააფუძნა და თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პარტიას სახელად "კონსერვატიული მოძრაობა" ერქმევა.
დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს.
პარტიის დამფუძნებლები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
ახალი პარტიის დამფუძნებლები ჰომოფობური აქციების ორგანიზატორები არიან, რომლებიც ივლისში, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ. მათ ორგანიზებულ აქციებზე, ივლისში, პარლამენტის შენობის წინ ორჯერ ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა.
ცნობისათვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით სახალხო დამცველმა პროკურატურას სექტემბერში მიმართა.
დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ.
ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას.
5 ივლისს, 50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე პატიმრობაში 27 პირი რჩება, თუმცა აქციის ორგანიზატორებისა და დაზარალებულების თქმით, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 5 ივლისს მომხდარის გამო, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება გავრცელდა.
ამავე თემაზე
პრორუსული და ანტიდასავლური კამპანია „ქართველობის გადარჩენის და რწმენის შენარჩუნების“ სახელით
სუს-თან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს