ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრამდე, ენტონი ბლინკენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა დაუდასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, პრეზიდენტ ბაიდენის მოლაპარაკებების წინ ვლადიმერ პუტინთან, მდივანმა ბლინკენმა კვლავ დააფიქსირა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე,

მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობასა და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმზე.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების მადლიერია.

„შევთანხმდით, განვაგრძოთ ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება. ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწვეტი მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების მადლიერი ვართ“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბაიდენისა და პუტინის ონლაინ შეხვდრა 7 დეკემბერს იმართება.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა, მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრამდე ენტონი ბლინკენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს

CNN-ი: აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

FT: აშშ-ის დაზვერვამ დაარწმუნა მოკავშირეები ევროკავშირსა და NATO-ში, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას