7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტია -„კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება არის დათარიღებული. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.
საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ წევრების პარტიის რეგისტრაცია 26 ნოემბერს დაახარვეზა.
ცნობისათვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარდგენის მოთხოვნით სახალხო დამცველმა პროკურატურას სექტემბერში მიმართა.
დევნის დაწყების წინადადებას საფუძვლად დაედო საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილე პირთა მიმართ.
ძალადობრივი მოწოდებები ასევე ისმოდა ჟურნალისტთა მიმართ. ამავე პირებმა, სატელევიზიო ეთერით გაავრცელეს ინფორმაცია ჯგუფების შექმნის შესახებ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება 5 ივლისს ძალადობა იქნებოდა. სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისს ზურაბ მახარაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანასა და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფას.
5 ივლისს, 50-ზე მეტი ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანების გამო, ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში 27 პირი რჩება, თუმცა აქციის ორგანიზატორებისა და დაზარალებულების თქმით, ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 5 ივლისს მომხდარის გამო, საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება გავრცელდა.
ამავე თემაზე:
შალვა პაპუაშვილი „ალტინფოს“ გაუქმებაზე საუბარს ფარისევლობად მიიჩნევს