ენტონი ბლინკენმა უკრაინის საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მათ გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ და ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების აუცილებლობას, მათ შორის მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას, რაც საუკეთესო საშუალებაა დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ისინი ასევე შეთანხმდნენ რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ზომების დაკისრების აუცილებლობაზე, თუ ის უკრაინაში ვითარების ესკალაციას მოახდენს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 8 დეკემბერს, აშშ-ის და რუსეთის ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა, კოორდინირებული ქმედებების მიზნით, ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ამავე თემაზე:

თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა

ჯო ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.