აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.
მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის შეშფოთება NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ დისკუსიაში NATO-ს სულ მცირე 4 ძირითადი მოკავშირე ქვეყნის და რუსეთის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
Associated Press-ის თანახმად, აშშ-მ შესაძლოა, კიევს გარკვეული დონის ავტონომიის მინიჭება შესთავაზოს აღმოსავლეთ უკრაინის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც ახლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს,რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მომდევნო ათწლეულში დამტკიცდეს.
აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სტივენ პაიფერი ვარაუდობს, რომ უკრაინას შეიძლება, სთხოვონ დონბასის რეგიონს ისეთი უფლებები მიანიჭოს, როგორიცაა საკუთარი ჯანდაცვის, პოლიციისა და სკოლების გაკონტროლება. თუმცა სტივენ პაიფერს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ ვაშინგტონმა უკრაინელებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგოს, რომლებიც საფრთხის ქვეშ დააყენებს მათ სუვერენიტეტს ან ეროვნული მთავრობის შესაძლებლობებს გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
ბაიდენი ამერიკული დიპლომატიის შეთავაზებებით პუტინთან ორსაათიანი ონლაინსესიის ფარგლებში გამოვიდა.
მან შესთავაზა აშშ-ს მონაწილეობა მოლაპარაკებებში ევროპელებთან ერთად, არამხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, არამედ პუტინის უფრო დიდი სტრატეგიული წინააღმდეგობების გადასაჭრელად NATO-ს გაფართოებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება რუსეთის საზღვრებთან.
ამავე თემაზე:
ვლადიმერ პუტინი: შეუძლებელია, არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის შესაძლო მიღების პერსპექტივა
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა პუტინის თქმით, მოსაზრებებს და წინადადებებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს და სტრუქტურის შინაარსზე საუბარი ჯერ ადრეა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.