რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-სგან მოითხოვს, იურიდიულად უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაიცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ შეაკავონ თავიანთი უკრაინელი პროტეჟეები, NATO კიევს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს.
„სხვაგვარად შეუძლებელია იმ სამხედრო სწავლებების ინტერპრეტირება, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები შავ ზღვაში ატარებენ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
ასევე წაიკითხეთ: პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება
განცხადებაში მითითებულია, რომ NATO-ში უკრაინის შეყვანის მცდელობა, რაც იქ გამოიწვევს ალიანსის სარაკეტო სისტემების დაყენებას, პირდაპირ საფრთხეს ქმნის რუსეთისთვის, რადგან ამ რაკეტების მინიმალური საფრენი მანძილი ცენტრალურ რუსეთამდე აღწევს, რასაც რუსეთი სამხედრო საფრთხედ აღიქვამს და რამაც შესაძლოა, ევროპაში მასშტაბური კონფლიქტი გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის შესახებ ცნობების პარალელურად, აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს აფრთხილებენ, რომ შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომები დაუწესდება.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული ონლაინშეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თუმცა პუტინის თქმით, მოსაზრებებს და წინადადებებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს და სტრუქტურის შინაარსზე საუბარი ჯერ ადრეა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ აშშ რუსეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ უარყოფს უკრაინა.