Europetime-თან კომენტარში ამერიკის საელჩოს პრესსპიკერის განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ოთხი წლის შემდეგ, ახლახან დასრულდა, მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI) კი შეუძლია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობა გააძლიეროს.
მისივე თანახმად, GDDEI შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ორგანიზაციულ ცვლილებებზე თავდაცვის სექტორში საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მეორე კი, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის ბრიგადების წვრთნებისა და ერთობლივი ოპერაციების გზით, რომლებიც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის.
ამასთან, GDDEI ასევე ეფუძნება GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობით და ინსტიტუციური რეფორმებისა და მოდერნიზაციით, ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით.
„შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას, რომ დაიცვას საკუთარი თავი და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, გემების ვიზიტებს და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომელთა მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის განვითარებას“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი Europetime-თან.
Europetime-ის კიდევ ერთი შეკითხვა „3+3“ ფორმატში 10 დეკემბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრას ეხებოდა. როგორც ცნობილია საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, ჩაერთოს ამ პლატფორმაში. მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა. ამასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს.
„როგორც უკვე ვთქვით, რუსეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე ახალი სადისკუსიო პლატფორმების შესახებ წინადადებით გამოვა“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩოს პრესსპიკერი.